შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
„გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.
სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ.
შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მიხეილ კალანდია. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა“, – განაცხადა ბორცვაძემ.