გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. კომისიაში შედიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„გავეცანით ადგილზე არსებულ ვითარებას, 56-ე ილომეტრზე მდგომარეობა გაუმჯობესებულია და წყლის დონე შედარებით დაკლებულია. კომისიამ ასევე შეისწავლა სტიქიის გამომწვევი მიზეზები და თბილისში დაბრუნებისთანავე დაისახება კონკრეტული ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით, არსებული ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა 56-ე კილომეტრზე გზის აღსადგენად ტექნიკა დაემატოს, რაც პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ.
დღეს, 4 ივნისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გახსნის მოთხოვნით თუშებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ხელისუფლებას სამდღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ სოფელ ხისოსთან დაგუბებული წყლის გაშვებაზე მუშაობა დაიწყოს და საავტომობილო გზა გაიხსნას. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, გზის გაწმენდას საკუთარი ძალებით შეეცდებიან.