გამოძიების დაწყების საფუძველი „ტვ 25“-ის ეთერში გასული სიუჟეტი გახდა, რომლის მიხედვითაც, „სანდასუფთავების“ დირექტორს, სულიკო ბლადაძეს 15-მდე თანამშრომელი, მათ შორის საკუთარი ძმა, ფიქტიურად ჰყავდა დასაქმებული და ხელფასს უხდიდა.
„ტვ 25“-თან ინტერვიუში სულიკო ბლადაძემ დაადასტურა, რომ ორგანიზაციაში საკუთარი ცოლისძმაც დაასაქმა.
„რას ჰქვია ნეპოტიზმი? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენს ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ! მოვედი აქ, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე. რა არის ამაში ცუდი?“, – უთხრა ბლადაძემ „ტვ 25“-ის ჟურნალისტს.
სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ სულიკო ბლადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მერის განცხადებით, ბლადაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან მისი ურთიერთობისა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო მიიღო.