weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

14 წლის გოგოს ამბავი, რომელიც ორჯერ გაიტაცეს და გააუპატიურეს - პოლიცია მოძალადეს არ იჭერს

21:29 შაბათი, 08 ივნისი 2019

საგარეჯოში 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა. ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს. 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მოძალადემ ბავშვს უთხრა, რომ ცოლად უნდოდა. იმავე ღამეს, ძალადობით კიდევ ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი.

ბიჭის ნათესავებმა, დილით, გოგო თავის სახლში დააბრუნეს. მსხვერპლმა მშობლებს ყველაფერი მოუყვა და უთხრა, რომ თუ იმ ბიჭზე გაათხოვებდნენ, თავს მოიკლავდა. გოგოს მშობლებმა პოლიციას მიმართეს.

საგარეჯოს პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება. მსხვერპლმა პოლიციაში დეტალურად აღწერა დანაშაული როგორ მოხდა. დაასახელა დანაშაულში მონაწილე ყველა პირი.

მოძალადემ გამოძიებას თავი აარიდა. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ის მიიმალა. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროკურატურამ მსხვერპლის მიერ დანაშაულში მხილებული სხვა პირები პასუხისგებაში არ მისცა.

დანაშაული 2015 წლის 7 დეკემბერს მოხდა. საქმის არსებითი განხილვა სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 21 ივლისს დაიწყო. მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი საქმეს 35 თვეა იხილავს. რადგან საქმე არასრულწლოვანს და სექსუალური ხასიათის დანაშაულს ეხება, სხდომები დახურულია. ამ პერიოდში, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატმა ლია ხუროშვილმა, რომელიც დაზარალებულის ინტერესების დასაცავად საქმეში 2016 წლის ოქტომბერში ჩაერთო, საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით, სიღნაღის რაიონულ პროკურატურასა და სასამართლოს რამდენჯერმე მიმართა. არც პროკურატურამ და არც სასამართლომ დაზარალებულის ადვოკატს საქმის მასალები არ გააცნეს. უფრო მეტიც, ადვოკატს რამდენიმე წერილობითი მიმართვა დასჭირდა, რათა მიეღწია, რომ მისთვის სასამართლო სხდომების დროის შესახებ მაინც ეცნობებინათ.

გაუპატიურების შემდეგ ძალადობის მსხვერპლ გოგოს 2 წელი სკოლაში აღარ უვლია. მას მოსწავლის სტატუსი შეუწყვიტეს, ფსიქოლოგიური დახმარება კი არავის გაუწევია. 2017 წელს, მშობლებმა ბავშვი მეზობელი სოფლის სკოლაში შეიყვანეს.

ადვოკატის თქმით, მსხვერპლ გოგოზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაშინება, რომ 16 წლის გახდებოდა თუ არა, ის მოძალადეზე იძულებით გათხოვდებოდა. გოგო მშობლებს აფრთხილებდა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას ცოცხალს ვეღარ ნახავდნენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2018 წლის 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ მიმართა მთავარ პროკურატურას. ადვოკატი ბრალდებულის დაკავებას და დანაშაულის გადაკვალიფიცირებას ითხოვდა, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუპატიურებას, რადგან არასრულწლოვანს თავისუფლება აღუკვეთეს ჯგუფურად, მასზე განხორციელდა ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. დანაშაული 10-დან 13 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გამოძიებას არც გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოუკვეთია. მთავარი პროკურატურა საჩივრებს განსახილველად ისევ სიღნაღის პროკურატურაში აგზავნიდა.

ძალადობის მსხვერპლი გოგო სასამართლოში 2018 წლის 20 დეკემბერს დაიკითხა. დაზარალებულმა კიდევ ერთხელ, დეტალურად გაიხსენა რა და როგორ მოხდა სამი წლის წინ. ისევ დაასახელა დანაშაულში მონაწილე ყველა პირი, ბრალდებული, მისი ბიძაშვილები და ახლობლები, ფერმის ყარაულიც, რომლის თანდასწრებითაც ოთახში ჩაკეტეს და მთელი ღამის განმავლობაში თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი.

„მას (მოძალადეს) ვიცნობ, მამაჩემის ბიძაშვილის შვილია, ძალიან ახლოს ვცხოვრობთ. მთელი ცხოვრებაა მას ვიცნობ. მისი ოჯახის წევრებსაც ვიცნობ, ისიც იცნობს ჩემი ოჯახის წევრებს. მის დასთან ვიყავით სანახავად, მეგობრებმა წამიყვანეს. იქ მოვიდა. მითხრა, მამაშენმა დაგირეკა ტელეფონზე, დამალაპარაკეო. მე ვუთხარი, მამაჩემს დარეკვა თუ უნდოდა, მეც მაქვს ტელეფონი და აქ დარეკავდა მეთქი. მან ხელი წამავლო და გარეთ ძალით გამიყვანა. ეზოში ორნი იყვნენ, კართან თეთრი ფერის მანქანა იდგა. იქაც მისი ორი ბიძაშვილი იყო. მანქანაში ძალით ჩამსვეს. ეზოში ვინც იყვნენ, დაინახეს, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. შველას ვთხოვდი, თუმცა არ დამეხმარნენ. ღამე, დაახლოებით 8 საათი იქნებოდა, ბნელოდა, მინდვრისკენ წამიყვანეს. ფერმა იყო, იქ მიმიყვანეს. არავინ იყო, შველა რომ მეთხოვა. ფერმაში კაცი დაგვხვდა. კარი გააღო. ერთმანეთს იცნობდნენ. ოთახში ძალით შემიყვანეს, ვყვიროდი და არ მივყვებოდი. შუქი არ იყო. ღუმელი იდგა და ცეცხლი ანათებდა მხოლოდ. ოთახში მე და ის ბიჭი დაგვტოვეს. კარი გარედან ჩაკეტეს, იმიტომ, რომ ერთხელ თვითომ რომ გავიდა გარეთ, დაუკაკუნა და ისე გაუღეს.

როდესაც ჩემზე ძალადობას აპირებდა, წინააღმდეგობას ვუწევდი. იქვე, ახლოს, ტელევიზორი იდგა, ხელი ვკარი, გადავარდა და გატყდა. მარცხენა მხარეს, სახეში ძლიერად დამარტყა. ტელევიზორის ნამტვრევებზე დავეცი. ტანსაცმლის გახდა დამიწყო, საშუალებას არ ვაძლევდი. ყურიც დამიხია. მერე ხელები შემიკრა, საწოლზე მიმაბა და გამაუპატიურა.

როდესაც ჩემზე ძალა იხმარა, მერე გარეთ გავიდა. ცოტა ხანში ისევ შემოვიდა. კიდევ ძალა იხმარა ჩემზე, სქესობრივი კავშირი დაამყარა. მერე ცოტა დაიძინა. მე შეშინებული ვიყავი. აღარაფერი შემეძლო. მერე ადგა და გავიდა. კარი ისევ გარედან ჩაკეტეს. ოთახს ფანჯარა ჰქონდა, მაგრამ ფიცრებით იყო დაკეტილი და ვერ გავიდოდი.

უკვე თენდებოდა. მესამედ იხმარა ჩემზე ძალა. ისევ დაამყარა სქესობრივი კავშირი. ვუძალინდებოდი, მაგრამ აღარ შემეძლო. ყველაფერი მტკიოდა. მეუბნებოდა, ცოლად უნდა წაგიყვანო და ოქროს გიყიდიო. ყველამ იცოდა, რომ მე 14 წლის ვიყავი.

დილით გარეთ გამიყვანეს, წინა ოთახში. ჩაი შემომთავაზეს, არ დავლიე. ისევ იმ ოთახში დამაბრუნეს. ორი ხელი დაბმული მქონდა და საწოლზე მიმაბა. ცოტა ხანში ბიჭის მამიდა და ძმა მოვიდნენ. თეთრი მანქანით სახლში წამიყვანეს. დედასთან და მამასთან რომ მივედი, ყველაფერი მოვუყევი“, - აღნიშნავს დაზარალებული სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც „რეგინფომ“ მოიპოვა.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2015 წლის 7 დეკემბერს ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, გოგო გაუპატიურებულია. ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, გოგოს ტანსაცმელზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალა, ბრალდებულის სისხლის ნიმუშის იდენტურია.

2019 წლის 3 აპრილის ჩათვლით, ძალადობის მსხვერპლი მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობდა.

4 აპრილს, სახლიდან სკოლისკენ მიმავალი დაზარალებული გოგო, ბრალდებულმა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, სოფლის ცენტრიდან ისევ მოიტაცა და იმავე დღეს, სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სკოლის დირექტორმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ადმინისტრაციამ, გოგოს მოტაცების შესახებ, შეტყობინების მიღებისთანავე აცნობა პოლიციას.

„ხელმეორედ მოიტაცა იმ ბიჭმა, თვითონ. მე რა უნდა გამეკეთებინა, პოლიციამ, ყველამ იცოდა“, - ამბობს სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ 4 აპრილს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„გოგომ გამოხატა თანხმობა რომ შერიგებოდა, თავისი სურვილით შეურიგდა კაცს. მივიდა მის ოჯახში და თქვა, რომ მე ის ბიჭი მიყვარს. ნაწერიც არსებობს და თქვა, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები. რის საფუძველზე აწარმოებენ ამ, მეორე გამოძიებას?“, - კითხულობს ბრალდებულის ადვოკატი.

ადამიანის უფლებათა ცენტრს კი მიაჩნია, რომ სახელმწიფომ არასრულწლოვანი ვერ დაიცვა. „მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და საჯარო განცხადებებისა, რომ თითქოს ვებრძვით ძალადობას, ადრეულ ასაკში ქორწინებას და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ და სასამართლომ არ დაიცვეს არასრულწლოვანი გოგო, ის განმეორებით გახდა ძალადობის მსხვერპლი. ის გარემოცვა, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება, მაღალი ალბათობით ზეწოლას ახდენს მასზე. ამის მოლოდინი არასრულწლოვანს და მის მშობლებს ყოველთვის ჰქონდათ. არაეფექტიანი რეაგირებით და საქმის გაჭიანურებით ბრალდებულს განმეორებით მისცეს დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა“, - უთხრა „რეგინფოს“ ადვოკატმა ლია ხუროშვილმა. მას თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან ურთიერთობა აღარ აქვს.

2019 წლის 2 მაისს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა დაზარალებული გოგოს და დედამისის ნოტარულად დამოწმებული განცხადება წარადგინა, რომ გოგოს აღარ აქვს და არც მომავალში ექნება პრეტენზია ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულის ადვოკატი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

ამ დროისთვის ძალადობის მსხვერპლი გოგო მოძალადის სახლში ცხოვრობს. მეზობლები ამ საკითხზე საუბარს ერიდებიან, თუმცა ეს ამბავი რამდენიმე წყარომ დაგვიდასტურა. მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში უბანში არაერთხელ ნახეს ბიჭიც, რომელიც ოფიციალურად ძებნილია.

მორიგი სასამართლო პროცესი სიღნაღის რაონულ სასამართლოში 13 ივნისს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

 

ამ თემაზე:

პოლიციამ საგარეჯოში 14 წლის გოგოზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]