სასამართლო სხდომა დახურული იყო. როგორც „რეგინფოს“ ადვოკატმა ზურაბ ზურაბაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ივლისისთვის ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 40 წლის მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც 5 ივნისს, სააგენტო „რეგინფომ“ გოგოს გაუპატიურების შესახებ მასალა გამოაქვეყნა. 16 წლის არასრულწლოვანი ი.ბ.-ს გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ 31 მაისს ბავშვი გააჩინა. სიჩუმის სანაცვლოდ მას მოძალადის 14 წლის შვილზე დანიშვნას სთავაზობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი 2018 წლის სექტემბერში დაამყარა. შსს-ს ცნობით, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა.
„გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ი. ბ. ახალდაბადებული ბავშვის მამაა“, – განაცხადეს შსს-ში.
ი.ბ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ი.ბ.-ს 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.