weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კანონპროექტი ქმნის გამოხატვის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის რისკებს – არასამთავრობოები

16:15 პარასკევი, 14 ივნისი 2019

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს.

გუშინ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტს მოუწოდა, კანონპროექტის განხილვა დააჩქაროს.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ აცხადებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში, შესაძლებელი ხდება მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება.

„ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებლის თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით.

ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება ეძლევა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს.

შემოთავაზებული ცვლილებებით სწორედ ის მუხლი ბრუნდება რეგულირებაში, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 07 ნოემბრის მოვლენებისას ტელეკომპანია „იმედს“ მაუწყებლობა შეუჩერდა“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

იქვე ვკითხულობთ, რომ საქართველოში სიძულვილის ენის დარეგულირება მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში არ ხდება და თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის თუ ხელისუფლების დამხობის, არსებობს სამართლებრივი მექანიზმები (მათ შორის მაუწყებლების წინააღმდეგ) - სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 239-ე მუხლები.

კოალიცია მიესალმება იმას, რომ კომუნიკაციების კომისია ცდილობს შემცირდეს სიძულვილის ენის, შუღლის გაღვივების თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროდუქციის სამაუწყებლო ეთერში გაშვება, თუმცა, მიიჩნევს, რომ კანონპროექტით პრობლემის მოგვარების არასწორი გზა არის შერჩეული.

კოალიცია ეხმაურება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იმ არგუმენტს, რომ სიძულვილის ენის კანონით დარეგულირება ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ხდება. კოალიცია აცხადებს, რომ დირექტივა წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს საკითხი გადაწყვეტილი უნდა იყოს რეგულირების თუ თვითრეგულირების ფარგლებში.

„მიგვაჩნია, რომ რეგულირების ნაცვლად აუცილებელი გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი. ამ მექანიზმის გაძლიერება, მისი ეფექტიანობის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე ზრუნვა არის მარეგულირებლის პასუხისმგებლობა და სწორედ ეს იქნება დირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციას დაუშვებლად მიაჩნია წარმოდგენილი ფორმით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, „მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს სხვა ბერკეტები სიძულვილის ენასთან საბრძოლველად და მისი ჯეროვანი გამოყენება არ ხდება“.

„ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ ითხოვს ტელევიზიისა და რადიოს მიერ მაუწყებლობის ქცევის წესების დაცვაზე სასამართლო კონტროლის არსებობას. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნინშულია განცხადებაში,

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ მოახდინოს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესებში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა.

კოალიციის წევრები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]