„თავიდან, მომეჩვენა, რომ პოლიცია იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში. იმათ კი ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს. ეტყობა ასეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემს,
ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ.
ამ კვირაში, მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ, კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში და ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ვასაძე ხვალ, 20:00 საათზე, ვერის ბაღში „მამაკაცებს ეპატიჟება“, რომლებსაც სამოქმედო გეგმას გააცნობს.
„ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას“, – ამბობს ვასაძე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ლევან ვასაძე გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდა, სადაც სასულიერო პირები და ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენლები „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი აქციის ჩასაშლელად შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დაააკავეს, საიდანაც 21 წუხელვე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
„თბილისი პრაიდის“ ჩატარება 18-23 ივნისისთვის არის დაგეგმილი.