weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ყველას მიმართ, ვინც პოლიციელზე ხელს აღმართავს, რეაგირება იქნება მკაცრი – მეზვრიშვილი

11:49 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

„არვიცი, რაინდი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი“, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მისი თანამოაზრეები „თბილისი პრაიდის“ ჩატარების შემთხვევაში პოლიციის კორდონებს გაარღვევენ.

„ბუნებრივია, ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადებს პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მეზვრიშვილის განცხადებით, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებაზე რეაგირება მოახდინა და გამოძიება დაიწყო. მეზვრიშვილის თქმით, იმუნიტეტით ვერავინ ისარგებლებს, მით უმეტეს, როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციებით რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე, როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა და მათში გაწევრიანება, ისჯება კანონით და მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უკვე მოახდინა რეაგირება - დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცემა კონკრეტული პირის და პირების ქმედებებს.

„საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ ნებისმიერი ჯგუფის მიმართ, სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაგირება. გამოძიების შედეგები გონივრულ ვადებში უნდა ვიხილოთ, რაც ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას სჭირდება. ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამას შესაბამისი დრო სჭირდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გუშინ, 16 ივნისს, ვერის პარკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩასაშლელად გეგმა წარადგინა და სახალხო რაზმების შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ვასაძემ პოლიციელებიც გააფრთხილა. მისი თქმით, თუ სამართალდამცველები „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს „ცემა-ტყეპას დაუწყებენ“, კომბალი მოხვდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]