weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პარლამენტთან გამართულ აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა – ჯანდაცვის სამინისტრო

12:36 პარასკევი, 21 ივნისი 2019
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას განცხადებით, პარლამენტთან 20 ივნისს გამართულ აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აქედან 80 პოლიციელია. ოფიციალური ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში 102 დაშავებული რჩება.

„მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი, აქედან 80 პოლიციელია. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ოპერაცია. ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენ შემთხვევებში, პაციენტებს უტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა. ამჟამად 102 პაციენტი არის ჰოსპიტალიზებული და იმყოფება სხვადასხვა სტაციონარში. უმეტეს შემთხვევაში იყო ტრავმა, დაჟეჟილობა, დაბეჟილობა და თვალის ტრავმა“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება 18 პაციენტი, რომელთაგან ორის შემთხვევაში მოხდა თვალის ამოღება. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და ერთ-ერთი მათგანის - ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, საიდანაც მან რუსულად მიმართა ასამბლეის მონაწილე ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.

ამ ფაქტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების პროტესტი მოჰყვა, მათ გავრილოვს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

პარლამენტთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენეს. აქციის დარბევის ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დემონსტრანტებს დამიზნებით ესროდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]