კომპანიის ინფორმაციით, აქციისთვის საჭირო კონსტრუქცია უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე.
„დღეს „თბილსერვის ჯგუფმა“ გეგმიურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება“, – ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტის შენობის წინ დილიდან აღარ დგას სცენა, რომელიც 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების გამო იყო დამონტაჟებული. აქციის ორგანიზატორების თქმით, სცენა თბილისის მერიამ „მოიპარა“.
საპროტესტო აქციის განახლება დღეს, 19:00 საათიდან არის დაგეგმილი.