weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსთავი 2-ს აქვს შანსი სტრასბურგის გადაწყვეტილება სრულად შეცვალოს – გვარამია

14:06 ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინტერპრეტაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაშს შეუძლია ტელეკომპანია გადაიფორმოს, სამართლებრივად არასწორია.

როგორც გვარამიამ თქვა, სტრასბურგის სასამართლომ მომჩივან მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაუტოვა, რაც მოსამართლეების მიუკერძოებლობას ეხება.

„თეა წულუკიანის ინტერპრეტაცია ამ გადაწყევტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს [„რუსთავი 2“-ს], არასწორია სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიისა, რომელიც, მიუხედავად უმძიმესი გადაწყვტილებისა სტრასბურგის სასამართლოსი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს.

იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში, განიხილავს და დაადგენს, რომ მაგალითად, პირველი ინსტანციის მოსამართლე ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე სრულად ინგრევა. ამ შემთხვევაში თუ [„რუსთავი 2“], დარეგისტრირებული იქნება ქიბარ ხალვაშზე და თან უკანონოდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი.

ამიტომ ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგოდ დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ევროპული კონვენციის დარღვევა და ჩემი შეფასებით და შესაძლოა არა მარტო ჩემი შეფასებით, ოდესღაც სხვა ხელისუფლების შეფასებითაც, იყოს თანამდებობრივი დანაშაული. ამიტომ მე მოვუწოდებ ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალო საკითხი; ეს არის ძალიან სენსიტიური და ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი საკითხი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოემხაურა ქიბარ ხალვაში, რომელიც საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. ხალვაშმა თქვა, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება და მხოლოდ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. 

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 3 მარტს, ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, აღსრულების შეჩერების გაუქმება მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]