როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შიშუ პალ ბურდაკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მშენებლობაზე არასრულწლოვნის დასაქმების თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, 16 ივლისს, როდესაც მუშა დაიღუპა შიშუ პალ ბურდაკი თბილისში არ იმყოფებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული მომხდარში პოტენციურ კონტრაქტორ კომპანიას ადანაშაულებს, რომელმაც არასრულწლოვანი დაიქირავა და დემონტაჟის სამუშაოები ნადრევად, მისი ნებართვის გარეშე დაიწყო.
„სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და მას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. აშკარაა, რომ სასამართლო ამ ეტაპზე იმყოფება საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ“, – განაცხადა ადვოკატმა, ბაჩუკი ქირიამ.
სამართალდამცველებმა შიშუ პალ ბურდაკი, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 18 ივლისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტი“ თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.
„აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.
სისიხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.