weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაფიცულმა მუშებმა ახალქალაქში თურქეთიდან შემოსულ მატარებელს გზა გადაუკეტეს

18:01 სამშაბათი, 23 ივლისი 2019
ფოტო © „სამხრეთის კარიბჭე“ ფოტო © „სამხრეთის კარიბჭე“

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა, რომლებიც ხელფასის მოთხოვნით არიან გაფიცულები, თურქეთიდან შემოსულ მატარებელს პროტესტის ნიშნად გზა გადაუკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

მუშები სამი კვირის წინ გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ შპს „დემირიოლ სერვისი“ სამი თვის ხელფასს არ უნაზღაურებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიას მუშებთან შრომითი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, რის გამოც სასამართლოში დავას ვერ იწყებენ.

„ოთხი თვის ხელფასი გვქონდა ასაღები. ერთი თვის მოგვცეს ორი კვირის წინ და დარჩენილ სამ თვეს არ გვინაზღაურებენ. დღეს განგვიცხადეს ან მომავალი თვის 15 რიცხვამდე იქნება, ან საერთოდ არ იქნება ხელფასებიო. როგორ უნდა მოვიქცეთ არვიცით“, – განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ.

მათივე თქმით, ხელფასის ანაზღაურებას კომპანიის წარმომადგენელი მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთზე, მურად ბუიძე პირდებოდა.

„დემირიოლ სერვისის“ ცენტრალურ ოფისში „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. მთლიანად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გადის.

მიმდინარე წლის მარტში, შვეიცარიიდან ჯერ თურქეთში, თურქეთიდან კი საქართველოში, ახალქალაქის სადგურში შვეიცარიული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი შემოვიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს. ახალქალაქიდან, სადაც პოსტსაბჭოთა 1 520-მილიმეტრიანი ლიანდაგი ევროპულ, 1 435-მილიმეტრიან ლიანდაგებს უერთდება, მატარებელი ბაქოში გაემგზავრა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]