weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ელენე მაჩალიკაშვილი შს მინისტრს შვილიშვილის გათავისუფლებას სთხოვს

14:48 ორშაბათი, 29 ივლისი 2019
ფოტოკადრი ტვ. პირველის ეთერიდან ფოტოკადრი ტვ. პირველის ეთერიდან

ელენე მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბებიაა, შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართავს.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვის დროს, ელენე მაჩალიკაშვილმა გიორგი გახარიას შვილიშვილის - მორის მაჩალიკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება სთხოვა.

„მე, 73 წლის ქალს, თხოვნა მაქვს მასთან, როგორც ახალგაზრდა კაცთან. შვილებიც ეყოლება, შვილიშვილებიც და შვილთაშვილებიც. ამ შუაზე გახლეჩილ გულს კიდევ ნუ დააყრის მარილს და თხოვნა მაქვს, რომ გამოუშვან მორის მაჩალიკაშვილი“, – თქვა ელენე მაჩალიკაშვილმა.

26 წლის მორის მაჩალიკაშვილი სამი დღის წინ დააკავეს და ბრალი 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფური ძალადობისთვის წარუდგინეს. როგორც ელენე მაჩალიკაშვილი ამბობს, დაკავებამდე რამდნიმე დღით ადრე, მორის მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა და მას დაჭერის საფრთხეზე ესაუბრა.

„ალბათ მან იცოდა, რომ დაიჭერდნენ. მამხნევებდა, არ უნდა ინერვიულო, ბებოო. თურმე, დაკითხვაზე ყოფილა მიყვანილი, თუ კარვები არ დაიშალა და ბიძაშენს არ მოსცილდები, დასაჭერი იქნებიო. ასეთი რაღაც შეუთავაზებიათ. არვიცი, ვინ უთხრა ეს. ძალიან შემეშინდა. ვუთხარი, შვილო, ჩამოვალ და ჩამოგიყვან მეთქი, მაგრამ მორის მაჩალიკაშვილმა მითხრა: ბებო, მე ბიძაჩემს გვერდიდან არ მოვცილდები, არც დავაშავებ რამეს და არც უკანონოდ მოვიქცევიო. ბიძას არ მივატოვებ, რადგან ერთადერთი შვილი მოუკლეს და ახლა ჩვენც რომ გავერიდოთ, სხვანაირად იქნებაო. ასე მელაპარაკა. წავიდა და მესამე დღეს დაიჭირეს“, – განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ელენე მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მის შვილიშვილს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.

„მე იმ კადრებს ბოლომდე ვუყურე. ესეც ვიცოდი, რომ ჩემი შვილიშვილი იქ არაფერ შუაში იყო. ხელები ჰქონდა აწეული, სუფთა ხელებით ვარო და განზე იდგა. ერთადერთი, რომ გამოჰყავდათ ცუდად გამხდარი მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისულა, ბიძა გამოიყვანეს და მასთან ერთად საავადმყოფოში წავიდა. ასე მგონია, ნამდვილად იმისთვის დაიჭირეს, რომ ის ჩემი გულგახეთქილი, გულდაწყვეტილი, გულჩათუთქული შვილი კიდევ შუაზე გადატეხონ წელში. ეს სიბერე ძალიან ჩამამწარეს. ჯერ ერთი შვილიშვილი ჩამიცხრილეს და ალბათ მეორესაც გამინადგურებენ. ჩემს შვილებს საქართველოსთვის არაფერი დაუშავებიათ. ჩემი შვილს უდანაშაულო შვილი მოუკლეს. სამართლიანი გზით ითხოვს სამართლიანობას“, – განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მორის მაჩალიკაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, მორის მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC], რომელიც მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებდა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა ჯგუფურ ძალადობაში მორის მაჩალიკაშვილის მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]