„სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია. ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი.
ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს ვაცნობებთ მომხმარებელს. პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას.
ჩვენი კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის“, – აცხადებენ კომპანიაში.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ დღეს გამოაქვეყნა საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელშიც, მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოჩენილია არასაკვები დანიშნულების საღებავები. ასეთი პროდუქტებია: შპს „გსქ კულა“ -ტყემალი წითელი, კლასიკური; შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ - ტრადიციული წითელი ტყემალი; შპს „ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo; შპს „ეს“ - ეს აჯიკა; შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე; თეთნულდი - მშრალი აჯიკა.