როგორც ადგილობრივები ამბობენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ღობეებს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ძველი ბანერების ქვემოთ ავლებენ.
„მაგათ პერიმეტრს ვინ გაიგებს, თვითონ მთავრობამ არ იცის. ის კი ვიცით, რომ ძველი ბანერების ქვემოთ მოდიან.
იმ დღეს ველაპარაკებოდით და გვითხრეს - კეთილ საქმეს ვაკეთებთ, კიდევ ქვემოთ გადაწევის უფლება გვაქვსო და 35 მეტრს გიტოვებთო“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში რამდენიმე დღეა ავლებენ ღობეს, რომლის მიღმაც ორი სახლი და მიწის ნაკვეთები ექცევა. რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ამიტომ ისინი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, თუმცა მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ. ღობის გავლების შემდეგ ისინი ამ ტერიტორიაზე გადასვლას ვეღარ შეძლებენ. მათ სახლების დაშლა დაიწყეს, რისთვისაც საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა.
გარდა ამისა, ღობის სიახლოვეს სარწყავი არხია და არსებობს საფრთხე, რომ სოფელი სარწყავის გარეშეც დარჩება.
ამ თემაზე:
გუგუტიანთკარში არ მიმიღია პასუხი, საფრთხე ადგებათ თუ არა – ციხელაშვილი