აქციის ოცამდე მონაწილეს ხელში ეჭირა ტრანსპარანტები წარწერებით: „გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ?“; „რა დროს დასვენებაა?“; „რუსეთი ოკუპანტია“; „დასვენებას როგორ ახერხებთ? ხალხი მშობლიურ მიწებს კარგავს“; „სირცხვილია“ და ა.შ.
„ბორდერიზაცია ისეთი პრობლემაა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი უნდა იყოს ჩვენს დღის წესრიგში. გორის მერის ვალდებულებაა ეს ადამიანები მოიკითხოს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, გორის მერი ამ პროცესს შეეგუა და არ მიიჩნევს, რომ რაღაც მკვეთრი ნაბიჯი და რეაქციაა ამ დროს საჭირო. ამას ჩვენ არასდროს შევეგუებით და არანირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ფიზიკურად ჩვენი სახლი არ მიაქვთ“, – განაცხადა მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ ერთ-ერთმა წევრმა, მარიამ გეგუჩაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს განაცხადა, რომ შვებულებას აჭარაში ატარებს და სოფელ გუგუტიანთკარში მოგვიანებით ჩავა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გეგუტიანთკარში რამდენიმე დღის განმავლობაში ავლებენ ღობეს, რომლის მიღმაც ორი სახლი და მიწის ნაკვეთები ექცევა. რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ამიტომ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, თუმცა მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ. ღობის გავლების შემდეგ ისინი ამ ტერიტორიაზე გადასვლას ვეღარ შეძლებენ. მათ სახლების დაშლა დაიწყეს, რისთვისაც საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა.