weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი პაპუნა უგრეხელიძეს პასუხობს

20:18 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019

სახალხო დამცველი პაპუნა უგრეხელიძეს პასუხობს და განმარტავს, რომ სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია ეჭვქვეშ არ დგება.

„როგორც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი, აღნიშნული დავა კერძო სამართლებრივი ხასიათის იყო. დავის საგანს არ წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან, მის ნაწილთან ან სახალხო დამცველის მანდატთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ–ჯერობით სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს არ გადასცემია. როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცემა, საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველი გააკეთებს შესაბამის განმარტებას. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დადგა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, მისი ნაწილი ან ინსტიტუტის მანდატი“,- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სახალხო დამცველის გადაწყვეტილების გადახედვის მექანიზმს კანონმდებლობა არ იცნობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახალხო დამცველი თავად მიმართავს სასამართლოს მისივე რეკომენდაციის აღსრულების მიზნით.

პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა 2018 წლის მარტის ბოლოს, მას შემდეგ დატოვა, რაც ყოფილმა თანამშრომელმა, ეკატერინე მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა 2016 წელს მიმართა სახალხო დამცველს, რომელმაც საქმე შეისწავლა და რეკომენდაცია მოამზადა. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა“.

სახალხო დამცველის განმარტებით, ისინი საქმეს 8 თვის მანძილზე სწავლობდნენ და შესწავლის დროს მოპასუხეს მტკიცებულებების ნამდვილობა არცერთ ეტაპზე არ დაუყენებია ეჭვქვეშ.

პაპუნა უგრეხელიძემ ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ეკატერინე მესხიძეს ინტერვიუებში გაკეთებული ზოგიერთი განცხადების უარყოფა დაავალა.

„აიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, პაპუნა უგრეხელიძემ სახალხო დამცველის რეკომენდაციაზეც ისაუბრა. უგრეხელიძემ რეკომენდაციას სამარცხვინო უწოდა.

სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ საკითხზე საჯაროდ საუბარი სწორედ მოპასუხის მიერ ფაქტების გასაჯაროებით და მათი არასწორი ინტერპრეტაციით არის განპირობებული.

ნინო ლომჯარია ასევე აღნიშნავს, რომ მსხვერპლის დადანაშაულება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომპეტენტური ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია, უარყოფითად აისახება საქართველოში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე, აჩენს უსამართლობის განცდას და ქმნის დამატებით ბარიერებს საკუთარი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]