როგორც საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები.
„ლაურა ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
უწყება განმარტავს, რომ ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 54 პირის მიმართ, რომელთაგან 38 პატიმრობაში იმყოფება.
ლაურა ღაჭავა საგამოძიეო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც მან გამოკითხვის დაწყებამდე განაცხადა, არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
„აზრზე არ ვარ რა ხდება. რაც მთვარია, მე ვარ მართალი. მაქვს სუფთა დღგ-ები, რაც იყო ზედმეტობა, აქტივი, რომელიც ბანკიდან მივიღე, დიდი ხანია, 2013 წლიდან და ახლა რა მოხდა, გავერკვევი“, – განაცხადა ღაჭავამ.
ლაურა ღაჭავამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გამოკითხვაზე მისი დაბარება შესაძლოა უკავშირდებოდეს „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან შენობის ნასყიდობასთან დაკავშირებით დაწყებულ მოლაპარაკებას. მისი თქმით, ეს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.