ავთანდილ წერეთელი ბრალის წარსადგენად პროკურატურაში დღეს დაიბარეს. საგამოძიებო უწყებაში დაბარებულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარძეც, რათა მათ მიმართ ბრალდება დაზუსტდეს.
„გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“,- აცხადებს პროკურატურა.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალი 24 ივლისს წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. ამავე საქმეზე პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა. ვატო წერეთელმა მაშინ თქვა, რომ პროკურატურას მამამისისთვის სურდა ბრალის წაყენება.
„მე თუ მკითხავთ, ეს სრული იდიოტიზმია. ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას“, – აღნიშნა წერეთელმა.
პროკურატურის ცნობით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია. ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება.