weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„თავისუფლება არ იყიდება“ – შაბათის შუადღის წამყვანებმა რუსთავი 2 დატოვეს

12:20 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის შუადღის“ წამყვანებმა – ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა ტელეკომპანია პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს.

„სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც – ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება“, – აღნიშნავენ წამყვანები.

20 აგვისტოს შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა სამხსახურიდან გაათავისუფლა არხის წამყვანი სახეები, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. პროტესტის ნიშნად „რუსთავი 2“-დან წამოვიდნენ „კურიერის“ წამყვანები - დიანა ჯოჯუა, მიშა სესიაშვილი და პაატა იაკობაშვილი, ასევე, ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკურ თემებს აშუქებდნენ - ნათია გოგსაძე, თამარ ბაღაშვილი, ნინო გაზდელიანი, დავით ქაშიაშვილი, გიგლა თუმანიშვილი და სხვები. მათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლად შეაფასეს, რაზეც პაატა სალიას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

21 აგვისტოდან „რუსთავი 2“-ზე „კურიერი“ არ გასულა. ეთერში სერიალები და მხატვრული ფილმებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]