„რუსთავი 2“-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა“,- ნათქვამია გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გადაცემის გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათი წამყვანის გიორგი გაბუნიას არხიდან გათავისუფლების შესახებ გაუფრთხილებლად, ტელეეთერიდან გაიგეს.
„ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს - მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ. სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“- ნათქვამია განცხადებაში.
20 აგვისტოს შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა სამხსახურიდან გაათავისუფლა არხის წამყვანი სახეები, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. პროტესტის ნიშნად „რუსთავი 2“-დან წამოვიდნენ „კურიერის“ წამყვანები - დიანა ჯოჯუა, მიშა სესიაშვილი და პაატა იაკობაშვილი, ასევე, ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკურ თემებს აშუქებდნენ - ნათია გოგსაძე, თამარ ბაღაშვილი, ნინო გაზდელიანი, დავით ქაშიაშვილი, გიგლა თუმანიშვილი და სხვები. არხი დატოვა გადაცემა „სხვა შუადღის“ გუნდმაც. მათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლად შეაფასეს, რაზეც პაატა სალიას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
21 აგვისტოდან „რუსთავი 2“-ზე „კურიერი“ არ გასულა. ეთერში სერიალები და მხატვრული ფილმებია.