შპს „ართანა ლოპოტა“ აცხადებს, რომ „ლოპოტა 1“ ჰესის ასაშენებლად საჭირო ნებართვები სხვადასხვა უწყებიდან კანონის სრული დაცვით მოიპოვეს.
„სამშენებლო ნებართვა გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, სხვადასხვა ინსტანციების შეთანხმებების საფუძველზე, მათ შორის აღსანიშნავია თელავის მუნიციპალიტეტის თანხმობა (N691 და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება N2-535). ყველა სხვა სამსახურიდან (სატყეო დეპარტამენტი, ნაპირდაცვა, ინფრასტრუქტურა, ძეგლების დაცვა და ა.შ.) გვაქვს შესაბამისი და აუცილებელი თანხმობები. სამშენებლო ობიექტის დერეფანში განლაგებული ტერიტორია აღნაგობით (ხანგრძლივი იჯარა) გადაცემულია კომპანიაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულება N527-ის საფუძველზე“, – აცხადებს ჰესის მშენებელი კომპანია.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ნებართვების გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთწლიანი ვადა უკვე ამოწურულია.
„საჯაროდ ვაცხადებთ, რომ პროექტის განხორციელების დაწყების ან შემდგომ პერიოდში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ წინააღმდეგობა კომპანიის მიერ აღქმული იქნება, როგორც კანონდარღვევა და მსგავსი ქმედება ჩაითვლება როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მიმართავს მოქალაქეებს დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის ზომებს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით და მოვითხოვთ ფინანსურ კომპენსაციას“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლაფანყურის მაცხოვრებლებმა „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ორი დღის წინ განაახლეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მდინარე ლოპოტაზე 5.9 მგვტ სიმძლავრის ჰესის ასაშენებლად კომპანიის წარმომადგენლები ტყეში ხეების მოჭრას იწყებენ. ადგილობრივთა ნაწილს კარვები აქვთ გაშლილი და ამბობენ, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე კომპანიის კუთვნილ ტექნიკას არ შეუშვებენ.