ინაშვილი დღეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც მიწვეული არ ყოფილა, ხმაურით მივიდა. მან სიტყვა მოითხოვა იმ განცხადებების საპასუხოდ, რაც მისი პარტიის შესახებ კონფერენციის პირველ დღეს გაკეთდა. შექმნილი ხმაურის გამო კონფერენცია შეჩერდა, ხოლო დევიდ კრამერმა, ირმა ინაშვილსა და მედიას შენობის დატოვება მოსთხოვა.
ამჟამად კონფერენცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისა და პანელური დისკუსიის მონაწილეებთან კითხვების დასმის შესაძლებლობა მისცეს. იმის გამო, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს სიტყვა გაუგრძელდა, დევიდ კრამერმა უთხრა, რომ მეტხანს საუბრის საშუალებას ვეღარ მისცემდა.
„ბატონო კრამერ, თქვენ მე ბოდიში უნდა მომიხადოთ, იმიტომ, რომ თქვენ გადააბიჯეთ საქართველოს კონსტიტუციას და შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს პარლამენტის წევრს“, – ამგვარად უპასუხა ინაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მეორე დღეა მიმდინარეობს. პანელურ დისკუსიებში წამყვანი დიპლომატები მონაწილეობენ, მათ შორის, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი.