პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, არჩილ დევრიშაძე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა. ის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, მაგრამ სამსახურებრივი მაისური ეცვა და თან ჰქონდა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ რომან ქავთარაძე, მისი მეგობარი მ.დ. და მეზობლები.
არჩილ დევრიშაძემ რომან ქავთარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. რომან ქავთარაძემ გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც არჩილ დევრიშაძე მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მან ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რომან ქავთარაძის მეგობარს და ლანძღვა-გინება დაიწყო იქვე მყოფი სხვა პირების მიმართ.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ არჩილ დევრიშაძემ ამ ძალადობრივი ქმედებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ.
დევრიშაძე სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.