როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მორის მაჩალიკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტის გამო ისჯება.
„ეს ჩემს გამო ხდება. ჩემს გამო არის დაჭერილი ჩემი ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი. პირველ დღეს დაურეკეს - თუ ბიძაშენი გაშლის კარავს, დაგიჭერენ. მე გავშალე კარავი და დაიჭირეს. ეს არის და ეს. დღეს მორის მაჩალიკაშვილი უნდა გაათავისუფლონ და გაათავისუფლებენ კიდეც“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილიმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
მორის მაჩალიკაშვილი 26 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, მაჩალიკაშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაჩალიკაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ [EMC] პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო. EMC-ის შეფასებით, სასამართლომ დაუსაბუთებელი და შაბლონური გადაწყვეტილება მიიღო, რითიც კიდევ უფრო მყარდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახზე გავლენის მოხდენის იარაღია.