weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახიადოვი ISIS-ის რიგების შევსებას უწყობდა ხელს – იუსტიციის სამინისტრო

16:03 პარასკევი, 20 სექტემბერი 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვის შესახებ, რომლის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში გუშინ განხორციელდა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ახიადოვი ტერორისტული დანაშაულებისათვის ინტერპოლით იძებნებოდა.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ექსტრადიციის გადაწყვეტილების მიღებისას, ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ტერორიზმის დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო პრიორიტეტი, ინტერპოლის წინაშე არსებული ვალდებულებები, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და სტანდარტი.

„კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტია, მათ შორის, შამაევისა და სხვების ცნობილ საქმეზე, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის წერილობითი სამართლებრივი გარანტიების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ვაქვეყნებთ რამზან ახიადოვთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას:

რამზან ახიადოვს ბრალად ედება, რომ ის 2013 წელს სირიის არაბულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც გაწევრიანდა ამავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ში (ISIS) და 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, მის საქმიანობაში მონაწილეობდა.

ის იბრძოდა სირიის სახელმწიფოს სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. რამზან ახიადოვი, შეიარაღებული ფორმირების სხვა პირებთან ერთად, აწარმოებდა „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრებზე განთავსებული პოსტების შეიარაღებულ დაცვას.

ასევე, 2015 წლის მარტიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, რამზან ახიადოვი, რომელიც მოცემული დროისთვის კვლავ იყო საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. მოქმედებდა რა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის მითითებების შესაბამისად, ახიადოვმა დაიყოლია ა.ი. რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ვედენსკის რაიონის ტერიტორიაზე შეექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელიც მოგვიანებით სტრუქტურული ერთეულის სახით შევიდოდა „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში. ამასთან, რამზან ახიადოვი დაპირდა ა.ი.-ს დაფინანსებითა და თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფას, რა გზითაც ხელი შეუწყო „ისლამური სახელმწიფოს“ რიგების შევსებასა და მის უკანონო საქმიანობას.

რამზან ახიადოვი 2018 წლის 26 სექტემბრიდან ინტერპოლის არხებით იძებნებოდა, ვინაიდან მას რუსეთის ფედერაციაში ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობა და ამ ორგანიზაციაში წევრობისთვის პირების გადაბირება.

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით 2018 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. ექსტრადიციის პროცესი თავდაპირველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემდეგ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, უზენაეს სასამართლოში. 2019 წლის 26 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დასაშვებად იქნა ცნობილი ახიადოვის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში. 2019 წლის 12 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ახიადოვის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

2019 წლის 30 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ იქნა გარანტია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა სამართალწარმოების, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, ხოლო მსჯავრდების შემთხვევაში - საპატიმრო დაწესებულებაში განთავსების მთელი დროის განმავლობაში ახიადოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;

რამზან ახიადოვი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას;

გარდა ამისა, ახიადოვს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი ყველა უფლებით. იმავე გარანტიის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ახიადოვი განთავსებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და 2006 წლის ევროპული ციხის წესებით დადგენილი სტანდარტების შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

ექსტრადიციის საქმის განხილვის პარალელურად, ახიადოვმა საქართველოში ითხოვა თავშესაფარი, რაზედაც მას უარი ეთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ. დაცვის მხარის მიერ მოცემული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ორი სასამართლო ინსტანციის წინაშე კანონით დადგენილი წესით და დარჩა ძალაში.

რამზან ახიადოვს, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის საკმარისი დრო ჰქონდა, მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში არ გაუსაჩივრებია და ექსტრადიციის შეჩერება არ მოუთხოვია“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ადვოკატმა, ალექსანდრე თათელიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ახიადოვი რუსეთის ფედერაციის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ის შიშობს, რომ ექსტრადიციის შემდეგ წამება ან მოკვლა ემუქრება. რამზან ახიადოვი ბოლო ორი წელი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად საქართველოში, ქუთაისში ცხოვრობდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]