იმნაიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ეს არის იმ ათვლის წერტილთან დაბრუნება, რითიც „რუსთავი 2“ დღემდე ამაყობს.
„ნათია ლაზაშვილი არის და იყო „რუსთავი 2“-ის სახე. ის ამ არხიდან არ წასულა იმიტომ, რომ მას აღარ უნდოდა ყოფილიყო ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მას აღარ ჰქონდა სურვილი ემუშავა იმ სარედაქციო კლიმატში, როდესაც საიდანღაც მოდიოდა მესიჯები და ეს მესიჯები უნდა შესრულებულიყო“, – განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში.
„რუსთავი 2“-ზე დღის მთავარი საინფორმაციო გადაცემა დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავდათ. მათ არხი პროტესტის ნიშნად 20 აგვისტოს დატოვეს, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლა. ამჟამად მათ „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავთ.
ნათია ლაზაშვილს „კურიერი“ 1995 წლიდან მიჰყავდა. მან „რუსთავი 2“ 2006 წელს, პროტესტის ნიშნად დატოვა, მას შემდეგ, რაც არხის გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე გაათავისუფლეს. 2012 წელს, რვა თვე, ლაზაშვილმა „მეცხრე არხში“ იმუშავა და საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული „მეცხრე არხი“ მან პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შემდეგ, 2013 წელს ის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველი იყო.