weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კიევში კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს

16:05 ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019

უკრაინაში, კიევის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი მოკლეს. ინფორმაცია „რეგინფოს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდაცია დღეს დილით მოხდა. მათივე ცნობით, ჭიჭიაშვილმა 10 დღის წინ, საბუთების შემოწმების დროს, სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა.

„ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჩვენ შევძელით ბოროტმოქმედის ვინაობის დადგენა. ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ბანდის შექმნის, ადამიანების გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის. დავადგინეთ, რომ ის კიევის ოლქის სოფელ ხოტიანოვკაში იმალებოდა. პროკურატურასთან შეთანხმებით დაიგეგმა მისი დაკავების სპეცოპერაცია“, – განაცხადა კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი კრიშენკომ.

მისივე თქმით, ჭიჭიაშვილმა სამართალდამცველებს ორი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა: „საპასუხოდ პოლიციელებმაც გამოიყენეს იარაღი და მსროლელის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამასთან, ბოროტმოქმედმა ორი სპეცრაზმელი დაჭრა“.

შოთა ჭიჭიაშვილი 2000-იანი წლების დასაწყისში პანკისის ხეობაში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. 2001 წელს ის საქართველოდან რუსეთში წავიდა, სადაც 2003 წელს დააკავეს და საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს. 2005 წელს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჭიჭიაშვილი დამნაშავედ ცნო ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში. მათ შორის ყველაზე გახმაურებული, 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს გატაცების ფაქტია. სასამართლომ ჭიჭიაშვილს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. ჭიჭიაშვილი პატიმრობაში 8 წელი და რამდენიმე თვე იმყოფებოდა. 2013 წელს ის ამნისტიის საფუძველზე და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი ფიგურირებს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, ვახო სანაიას მკვლელობის საქმეში. გასულ წელს მსჯავრდებულმა კონსტანტინე ციხისთავმა განაცხადა, რომ გიორგი სანაია სწორედ შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ციხისთავი ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრია. მისი ამ განცხადების შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]