„დღეს, 7 საათზე ჩვენ გავმართავთ საპროტესტო აქციას გენერალურ პროკურატურტასთან და მოვითხოვთ საზოგადოების მხარდაჭერას. საქართველოში არის გამოუძიებელი საქმეები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს არის ძალიან ძლიერი, წელში გამართული საქმე, რომელიც გაუგებარი მიზეზებით ყოვნდება. ჩვენ არ დავტოვებთ კომფორტის ზონაში შალვა თადუმაძეს და მის უწყებას. გარედან გავაგონებთ ხმას და ეს იქნება ძალიან ბევრი ქალის ხმა. ჩვენ არ შევეგუებით გამოუძიებლობას. ამ პიროვნებას დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ბრალი“, – განაცხადა ბაია პატარაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პატარაიას თქმით, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უკვე არსებობს საქმეში სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დეპუტატს ბრალი წარედგინოს.
თამთა თოდაძე აცხადებს, რომ ერთი კვირის წინ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თოდაძის თქმით, პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა და მომხდარის შესახებ აცნობა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო.
მომხდარს პროკურატურა სექსუალური ძალადობის, ფიზიკური ძალადობისა და ნივთის დაზიანების მუხლებით იძიებს. ამ დრომდე თამთა თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ.
ილია ჯიშკარიანი ქალის ბრალდებებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
ამ თემაზე:
სახალხო დამცველი სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს