weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შალვა თადუმაძემ მისი 3 კურსელი ან ლექტორი არ დაასახელა

14:02 ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი 2019

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატია, არ უპასუხა უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეკითხვას.

კერძოდ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, შალვა თადუმაძემ საკუთარი კურსელებისა და ლექტორების ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა:

„ბოკერია: კურსელები ხომ არ გახსოვთ, სამი?

თადუმაძე: მახსოვს.

ბოკერია: აბა გვითხარით.

თადუმაძე: ათი შემიძლია დავასახელო, მაგრამ არ დავასახელებ რადგან მათთვის არ მიკითხავს, რომ პარლამენტის ტრიბუნაზე დავასახელებდი მათ სახელებსა და გვარებს.

ბოკერია: პროფესორი ან ლექტორი, სამი?

თადუმაძე: შემიძლია ათი დავასახელო, მაგრამ არცერთისგან არ მაქვს შესაბამისი ნებართვა“.

კომიტეტის ამავე სხდომაზე გენერალურმა პროკურორმა განმარტებები გააკეთა უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დიპლომთან დაკავშირებითაც. როგორც თადუმაძე ამბობს, 1994 წელს „ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ ჩააბარა, რომელიც 1998 წელს ექსტერნად დაამთავრა და დიპლომი მიიღო.

„1998 წელს მე დავამთავრე 5-წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით, შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა ხუთწლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ეს წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერათ 4-წლიანი ფაქტიური ვადა - 1994-1998, მე მექმნებოდა პრობლემა და ეს არ იქნებოდა იურიდიული საფუძველი“, - განაცხადა თადუმაძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ამა თუ იმ დაწესებულებაში დიპლომს არ წარადგენს, ბიოგრაფიაში ყოველთვის მიუთითებს, რომ ინსტიტუტში 1994 წელს ჩააბარა და 1999 წელს დაასრულა სწავლა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომს წარადგენს, სწავლის დაწყებისა და დასრულების პერიოდად 1993-1998 წლებს მიუთითებს.

შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით დასკვნები საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გუშინ გამოაქვეყნეს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თადუმაძის უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს. კერძოდ, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს (როდესაც ის 15 წლის იყო), მაშინ როცა დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო; დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს; საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]