შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო ადამიანის დევნას გულისხმობს.
ამავე სამლოცველოში არსებული საეკლესიო ნივთები რამდენიმე თვით ადრეც დააზიანეს. გამოძიება მაშინაც დაიწყო, თუმცა რაიმე შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია.
სოფელ ხულგუმოსთან მდებარე მე-13 საუკუნის ისტორიული სალოცავით ადგილობრივი სომეხი კათოლიკეების გარდა, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც სარგებლობენ. სალოცავი არცერთ კონკრეტულ ეკლესიას არ ეკუთვნის და იქ არც ორგანიზებული წირვა-ლოცვია ხორციელდება.
შეგახსენებთ, 2018 წელს, სოფელ ვალეში კათოლიკურ მცირე სალოცავში (ნიშაში) წიგნები და ხატები დაწვეს. გამოძიება ამ შემთხვევაზეც დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ.
დღეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და სავარაუდო ბრალდებული პირები გამოავლინოს.
ამასთან, შეისწავლოს ხულგუმოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო რელიგიური დაძაბულობის ნიშნები და მისი გავლენა მომხდარ ინციდენტებზე; დაძაბულობის რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში კი მიიღოს ეფექტიანი პრევენციული ზომები მსგავსი შეუწყნარებლობის ინციდენტების აღკვეთისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის.
მე–13 საუკუნეში აგებულ სალოცავს, 2018 წლის მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.