მსუბუქი ავტომობილი ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზის იგივე მონაკვეთზე ავარია 28 ოქტომბერსაც მოხდა. მაშინაც ორი ადამიანი დაიღუპა, და-ძმა, დედა კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის პირველ 9 თვეში 4273 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სსკ-ის 276 მუხლი). დაიღუპა 337 და დაშავდა 5884 ადამიანი. სტატისტიკის მიხედვით, ავარიების შედეგად ყველაზე ხშირად 17-დან 40 წლამდე ადამიანები არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.
ყველაზე ხშირად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.
2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სულ რეგისტრირებულია 27 349 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.