weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

11:07 კვირა, 01 დეკემბერი 2019

მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი არ წყდება. სამძიმრის სათქმელად პანკისის ხეობის ყველა სოფლიდან მიდიან. ხუთი შვილის მამა, 36 წლის ვისო მუთოშვილი 27 ნოემბერს, შუადღეს მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მუთოშვილებს თავს სოფელ საკობიანოს გადასახვევთან დაესხნენ. სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თვალწინ ჩაცხრილეს ერთი და დაჭრეს სამი ადამიანი. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციამ არაფერი გააკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

„ეს არ იყო ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების გვარების დაპირისპირება. ეს იყო კონფლიქტი ტარიელ მუთოშვილის ოჯახსა და მურად ქავთარაშვილს შორის“, - ამბობს მარინა გუმაშვილი, მურად ქავთარაშვილის ძმის ცოლი. ეს ერთადერთი კომენტარია, რომელიც ქავთარაშვილების მხარემ მომხდართან დაკავშირებით გააკეთა. სწორედ მურად ქავთარაშვილია ის პირი, ვისაც ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელად ასახელებენ. ადგილობრივების თქმით, ქავთარაშვილს ჯგუფში სხვადასხვა გვარის 15-მდე პანკისელი ახალგაზრდა ჰყავს გაერთიანებული.

რა ხდებოდა პანკისში ვისო მუთოშვილის მკვლელობამდე

პანკისის სათემო რადიოს მიერ მოპოვებული ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ ხეობაში ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება ჰესების გამო დაიწყო.

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა კომპანია „ალაზანი ენერჯის“ (მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილი) და ხელისუფლებას სოფელ ბირკიანში „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უფლება არ მისცა. ადგილობრივების პროტესტის შედეგად ჰესის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ივნისიდან შეწყვეტილი იყო. 2019 წლის 21 აპრილს, კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები სპეცრაზმის თანხლებით განაახლა, რასაც პანკისელებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოჰყვა. ოფიციალური მონაცემებით 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

პანკისში „ხადორი 3“ და „სამწყურისწყალი 2“ ჰესების მშენებლობას მუთოშვილების გვარის წარმომადგენლები აქტიურად ეწინააღმდეგებიან, ქავთარაშვილების გვარის წარმომადგენლები კი მხარს უჭერენ. ქავთარაშვილებისა და მათი გარემოცვის რამდენიმე წევრი ხელისუფლებასთან და ძალოვან უწყებებთან არის დაახლოებული. მათ შორის, ახმეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მათე ქავთარაშვილი ჰესის მშენებელ კომპანიაში დაასაქმეს. „ქართული ოცნების“ აქტივისტი მერაბ ქავთარაშვილი კი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლად დაინიშნა. ჰესების მშენებლობის მომხრეთა შორისაა სალაფიტური ისლამის თემის ზოგიერთი ლიდერიც. ამ ჯგუფმა ხეობაში არაერთხელ სცადა ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა გადაბირება - მოლაპარაკებითა და დაშინებით.

სოფელ ომალოში მცხოვრებ შენგელი ტოხოსაშვილს 25 აპრილს, დუისში, ქუჩაში მაშინ დახვდნენ, როცა ის თბილისიდან ომალოში ბრუნდებოდა. მას შემდეგ, რაც ტოხოსაშვილმა მანქანა არ გააჩერა, დაედევნენ, დუმასტურში დაეწივნენ და საბარგულის მხარეს დაეჯახნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ღობეს შეასკდა. მანქანიდან გადმოსულს თავს დაესხნენ და ცემეს. თავდამსხმელებს შორის იყო მურად ქავთარაშვილიც.

დადასტურებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილს სწორედ ქავთარაშვილმა დაარტყა. მოგვიანებით, საქმის გარჩევის შემდეგ, შენგელი ტოხოსაშვილს მურად ქავთარაშვილმა სხვა მანქანის შესაძენად თანხა გადასცა, დამტვრეული მანქანა კი თვითონ წაიღო.

დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, მურად ქავთარაშვილი გაუსწორდა ფიზიკურად მახო მუთოშვილსაც. ისიც ჰესების მშენებლობის აქტიური მოწინააღმდეგეა და მედიაში ხშირად ჩნდებოდა. „ენა აღარ გექნება, თუ არ გაჩერდებიო“, - იხსენებს მუქარას მახო მუთოშვილი. ცემის შედეგად მას დაზიანებები თვალის არეში ჰქონდა. ამ შემთხვევამ მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, აგვისტოში, სოფელ დედისფერულის ასახვევში ზაურ მუთოშვილს და მის თანმხლებ პირებს მურად ქავთარაშვილი და მისი დაჯგუფების წევრები დახვდნენ. ზაურ მუთოშვილს თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს.

მურად ქავთარაშვილს კონფლიქტი ჰქონდა გელა მუთოშვილთანაც, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. გელა მუთოშვილი სოფელ ჯოყოლოში ახმეტის მერის წარმომადგენლის, ოთარ მუთოშვილის ძმის შვილია.

პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი ადასტურებს, რომ დაპირისპირებული გვარების შერიგებას უხუცესები სამი თვის განმავლობაში ცდილობდნენ.

„თითქმის მივაღწიეთ კიდეც. ვაპირებდით, რომ მომდევნო დღეს შევარიგებდით, მაგრამ უცებ ეს ძალიან სამწუხარო და მძიმე ამბავი მოხდა“, - ამბობს ხასო ხანგოშვილი.

 

სროლა

დუისელი ანზორ ქავთარაშვილი, მურად ქავთარაშვილის მამასთან ერთად, ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებაში მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა და მორიგეს უთხრა, რომ დანაშაული იყო მოსალოდნელი. მორიგე პოლიციელმა მას უპასუხა, „საქმის კურსში ვართ, ახმეტის სამმართველოდანაც არიან ამოსულები და არაფერი მოხდებაო“.

ერთ-ერთი თვითმხილველი პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში იხსენებს, რომ დაინახა, დუისის ძველი ამბულატორიის შენობის წინ გაჩერებული მანქანიდან როგორ გადატვირთეს დიდი რაოდენობით იარაღი მეორე მანქანაში, რის შემდეგაც ორივე მანქანა საკობიანოს მიმართულებით წავიდა.

დაახლოებით 12:30 საათისთვის, ჯოყოლოდან საკობიანოსკენ მანქანით მიმავალ ვისო მუთოშვილს, დუისში, ახალი მეჩეთის წინ ორმა მანქანამ (ტოიოტა ქამრი) გზა გადაუკეტა. ვისო მუთოშვილის თანმხლები პირების თქმით, მანქანებიდან 4 პირი გადმოვიდა და ვისოს იწვევდნენ. ვისო მანქანიდან არ ჩავიდა. 4-5 წუთის შემდეგ მანქანა გაატარეს.

თვითმხილველთა მონათხრობის მიხედვით, ვისო მუთოშვილი საკობიანოში გზად თავის ნათესავებს შეხვდა, რომლებიც ახმეტიდან ბრუნდებოდნენ და მანქანა ჰქონდათ მწყობრიდან გამოსული. ვისომ მათ მეჩეთის წინ, რამდენიმე წუთის წინ მომხდარის შესახებ უამბო და სთხოვა, ერთ-ერთი მათგანი გაჰყოლოდა და იმ პირებისთვის პასუხი მოეთხოვათ.

კიდევ ერთი თვითმხილველი იხსენებს, რომ ზუსტად ამ საუბრის დროს, გზაზე, მაღალი სიჩქარით „ტოიოტა ქამრის“ ორმა შავმა მანქანამ და თეთრი ფერის მერსედესმა გაიქროლეს. „ვისოს ვუთხარი, ეგენი იქნებოდნენ, წავიდნენ და ახლა ასვლას რაღა აზრი აქვს მეთქი. ვაწყნარებდი, როგორც შემეძლო, ძალიან აღელვებული იყო. არ გასულა დიდი დრო და სუს-ის მანქანა მოვიდა, რომლითაც სუს-ის ადგილობრივი თანამშრომელი ემზარ მაჩალიკაშვილი გადაადგილდება. იქვე, საკობიანოს ასახვევთან მოაბრუნა მანქანა და უკან გაბრუნდა, დუისისკენ. ჩავსხედით ჩვენს მანქანაში, უნდა დავძრათ და ამ მომენტში, სამივე მანქანა, რომლებმაც მანამდე გაგვიქროლეს, უკან მობრუნდა.

მანქანებიდან 15-მდე შეიარაღებული პირი გადმოვიდა. გელა მუთოშვილმა, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, დაიყვირა - აქ არ გვინდა, ალაზნის პირას გავიდეთ და იქ გავარჩიოთო. სროლა მაშინვე დაიწყო. პირდაპირ გვესროდნენ, დამიზნებით. საკობიანოს ასახვევში სპორტულ მოედანს ბეტონის ფილები აქვს, იმას ვეფარებოდით. დაახლოებით ერთი წუთი სროლა გაჩერდა. ვხედავდით, რომ ოთარ მუთოშვილის შვილი რუსლანი, ასევე, ვისო დაჭრილები იყვნენ. იარაღი მხოლოდ ვისოს ჰქონდა, მანქანიდან ამოეღო, ის მარტო იყო იმ ადგილას, იქიდან პასუხობდა სროლით. არავისი მოკვლა არ უნდოდა, თორემ მოკლავდა“.

სროლა სულ მცირე 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. გელა და ლაშა მუთოშვილების მანქანები მთლიანად დაცხრილეს.

„ვხედავდით, პოლიციის 2 მანქანა მოვიდა დუისის მხრიდან. მაღაზიის ქვემოთ გააჩერეს და ახლოს არც კი მოვიდნენ, არც გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს, არც არავის არაფერი მოუწოდეს. არაფერი მოიმოქმედეს. მანქანებს ამოფარებულები გვიყურებდნენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ახმეტიდან მოვიდა „შკოდა“, სამოქალაქო ფორმით გადმოვიდა 4 ან 5 ადამიანი, სავარაუდოდ, პოლიციელები ან უშიშროების თანამშრომლები. ჩვენს მხარეს წამოვიდნენ. ვისო ამათკენ წავიდა. ამ მომენტში ისევ დაიწყეს სროლა. პოლიციელებმა ერთ-ერთს იარაღი წაართვეს. მივარდნენ, იარაღი უკან გამოგლიჯეს პოლიციას და ვისოს მათ თვალწინ ესროლეს. ვისო დაეცა. ბიჭებმა აწიეს და პიკაპზე დააწვინეს. მაგ მომენტში სროლა შეწყდა. საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ, ექიმმა გვითხრა, 2 ტყვია აქვსო მოხვედრილი. ერთი მუცელში, ერთი თავში. იქ დაიღუპა“.

მუთოშვილების მხარეს დაჭრილია რუსლან მუთოშვილი. მას ტყვია ორ ადგილას აქვს მოხვედრილი, ყელსა და სახეში. მეორე მხარეს დაჭრილია მურად ქავთარაშვილი - ფეხში და შამილ დუიშვილი.

მოკლულის ახლობლებისთვის ცნობილია იმ პირთა ვინაობაც, ვინც ვისო მუთოშვილს ესროლა. ერთი მათგანი ქავთარაშვილია, მეორე ხანგოშვილი.

„ვისო რომ არა, ყველას დაგვხოცავდნენ. მის სისხლს არავის ვაპატიებთ. სისხლი სისხლის წილ, როგორც წესია“ - ასეთია მუთოშვილების პოზიცია.

ქისტური სამართალი სისხლის აღებასთან ერთად სისხლის პატიებასაც ითვალისწინებს, მაგრამ მოკლულის ახლობლებმა თქვეს, რომ შესარიგებლად მისვლა არავინ გაბედოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 27 ნოემბერს მომხდარ მკვლელობას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

 

რედაქციისაგან: პანკისში ბევრმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ გვარებს შორის დაპირისპირება და ხეობაში ვითარების დაძაბვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სცენარით ხდება. მათივე თქმით, ამიტომაც არაფერი გააკეთა სახელმწიფომ დანაშაულების აღსაკვეთად და ეფექტიანად არც ახლა რეაგირებს, როცა კონფლიქტს ადამიანი ემსხვერპლა და დიდია სისხლის აღების რისკი. პანკისის სათემო რადიო ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ.

 

ამ თემაზე:

პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]