weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

23:59 კვირა, 01 დეკემბერი 2019
ფოტოზე - ერთ-ერთი დაკავებული არბი ქავთარაშვილი ფოტოზე - ერთ-ერთი დაკავებული არბი ქავთარაშვილი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას, 1982 წელს დაბადებული ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

არბი ქავთარაშვილი მურად ქავთარაშვილის ძმის შვილია. მისივე ნათესავია რამაზ ხანგოშვილიც. სწორედ მურად ქავთარაშვილს ასახელებენ შეიარაღებული დაპირისპირების ორგანიზატორად და შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელად მოკლული მუთოშვილის ახლობლები.

„პანკისის ხეობაში ბოლო წლებში შეიარაღებული ბანდა დათარეშობს მურად ქავთარაშვილის ხელმძღვანელობით. ამ რაზმში გაერთიანებულები არიან სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები - ხანგოშვილები, დუიშვილები, ქავთარაშვილები, ალდამოვები. მინდა, ყველამ იცოდეს, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება დაიწყო ჰესების ამბების შემდეგ. ამ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დაიწყო თავდასხმები იმ აქტიურ პიროვნებებზე, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან“

განაცხადა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ბელა მუთოშვილმა, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრმა და სოფლის საბავშვო ბაღის მენეჯერმა. ბელა მუთოშვილის შვილი, რუსლან მუთოშვილიც დაიჭრა საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას.

საკობიანოში სროლის დროს ფეხში დაიჭრა მურად ქავთარაშვილიც. პანკისის მცხოვრებლები მას უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნასა და დანაშაულის მომზადებაში ადანაშაულებენ.

მურად ქავთარაშვილის სახელს უკავშირდება მიმდინარე წელს შენგელი ტოხოსაშვილზე, მახო და ზაურ მუთოშვილებზე განხორციელებული თავდასხმები. პანკისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობის გამო, ტოხოსაშვილს მანქანა დააჯახეს და ცემეს, მახო მუთოშვილსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ზაურ მუთოშვილს კი თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს. არცერთ ფაქტზე პოლიციას გამოძიება არ დაუწყია.

ხუთი შვილის მამა, 37 წლის ვისო მუთოშვილი 27 ნოემბერს, შუადღეს მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მუთოშვილებს თავს სოფელ საკობიანოს გადასახვევთან დაესხნენ. სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თვალწინ ჩაცხრილეს ერთი და დაჭრეს სამი ადამიანი. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციამ არაფერი გააკეთა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]