weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

20:00 სამშაბათი, 03 დეკემბერი 2019
ფოტოზე - ბრალდებულები არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი ფოტოზე - ბრალდებულები არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი

პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ორივე პირს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, 26 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი დანაშაულს აღიარებენ. თუმცა, ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისიც თქვა, რომ ბრალდებულთაგან არცერთს არ გაუსვრია მუთოშვილების მიმართულებით, ვიდრე პირადად მათ და მათ მხარეს მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა. ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ქავთარაშვილების მხარეს სამი ადამიანია დაჭრილი, მაგრამ მუთოშვილების მხრიდან პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

პანკისში, ორ გვარს, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 ნოემბერს, შუადღეს მოხდა. სოფელ საკობიანოს გადასახვევთან სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ქავთარაშვილების მხარეს დაიჭრნენ მურად ქავთარაშვილი და შამილ დუიშვილი, მუთოშვილების მხარეს რუსლან მუთოშვილი. როგორც სისხლიანი კონფლიქტის თვითმხილველებმა პანკისის სათემო რადიოს უამბეს, ვისო მუთოშვილი პოლიციის თვალწინ ისე მოკლეს, რომ სამართალდამცავებს დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გაუკეთებიათ.

ქავთარაშვილები და მუთოშვილები ერთმანეთს ხეობაში ჰესების მშენებლობაზე დაწყებული დავის გამო დაუპირისპირდნენ. ქავთარაშვილები „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესების მშენებლობას მხარს უჭერენ, მუთოშვილები ეწინააღმდეგებიან. ქავთარაშვილების წარმომადგენლებს ახლო ურთიერთობა აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ და ჰესების მშენებელ კომპანიასთან - შპს „ალაზანი ენერჯისთან“. ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ მერიასა და ამ კომპანიაში დასაქმდა კიდეც.

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისში გამართულ აქციებში აქტიური მონაწილეობის გამო ცემეს აქტივისტი შენგელი ტოხოსაშვილი. მას ავარია მოუწყეს და მანქანაც დაუზიანეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მახო მუთოშვილსაც, რომელიც ჰესების მშენებლობას აქტიურად უპირისპირდება. ამ ფაქტებმა გვარებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. მუთოშვილების თქმით, ქავთარაშვილები მათ ავიწროებდნენ. თავის მხრივ ქავთარაშვილები ამბობენ, რომ მუთოშვილების მხრიდან ღირსების შეურაცხმყოფელ გზავნილებს იღებდნენ. კონკრეტულ პირებსაც ასახელებენ, მათ შორის დაპირისპირებისას მოკლულის ძმას. გვარების შერიგებას პანკისელი უხუცესები სამი თვე ცდილობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მოწმეები მუთოშვილების მხრიდან, მიუთითებენ, რომ სროლა ქავთარაშვილებმა დაიწყეს. საპირისპირო თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ არბი ქავთარაშვილის ადვოკატმა ელენე ქიშმარიამ. იგივე ადვოკატი იცავს ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილის ინტერესებსაც. არბი ქავთარაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ედება, რაც განზრახ მკვლეობას გულისხმობს და სასჯელად 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რამაზ ხანგოშვილის ბრალი 19/108 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სასჯელი იგივეა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე პირი მოქმედებდა იმ კონკრეტულ დროს მხოლოდ და მხოლოდ თავისი და თავიანთი თანამოძმეების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. იმის მიუხედავად, რომ ისინი აღიარებენ დანაშაულს და იმ კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, მათ ამოძრავებდათ განზრახვა, ანუ იმ წუთას შესაძლოა, განზრახვით მოქმედებდნენ და ისინი აღიარებენ ამას, ფაქტობრივ გარემოებებს მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

27 ნოემბერს არცერთ ბრალდებულს არ გაუსვრია მათი მიმართულებით, პირიქით - იქითა მხრიდან მოხდა თავდასხმა და არაერთი გასროლა. მოწინააღმდეგე გვარის წარმომადგენლებმა სამი ადამიანი დაჭრეს ამათ მხარეს, მაგრამ მეორე მხარეს მყოფი გვარის არცერთი წარმომადგენელი არ არის დაკავებული. ამათგან გასროლა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

იგი არ დაეთანხმა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ვლადიმერ ბექიშვილის შუამდგომლობას იმ ნაწილში, რომ ბრალდებულები შესაძლოა მიმალულიყვნენ, მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინათ, მტკიცებულებები გაენადგურებინათ ან ახალი დანაშაული ჩაედინათ. ამის გათვალისწინებით ითხოვდა პროკურორი ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.

„პროკურორმა და სასამართლომ უნდა გაითვალისწინონ ბრალდებულების პიროვნება, მათი ოჯახური მდგომარეობა. რამაზ ხანგოშვილს მეუღლე და 6 შვილი ჰყავს. ისინი მცირე სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს, 6 შვილი რჩება მარჩენალის გარეშე. არბი ქავთარაშვილს ჰყავს 2 თვის შვილი, გაქარწყლებული აქვს ნასამართლობა. ორივე ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და ეთანმხება ბრალის დადგენილებაში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს. რა სახის მტკიცებულების განადგურებაზეა საერთოდ საუბარი, როცა ბრალს ეთანხმებიან. მიმალვის საფრთხე დასაბუთებული არ არის, დაკავებისას არ გაუწევიათ წინააღმდეგობა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბრალდებულები სოფელ დუისში, მათივე საცხოვრებელ ადგილას დააკავეს, რაც პროკურორმა არ დაადასტურა და დააზუსტა, რომ ქავთარაშვილი და ხანგოშვილი თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში დააკავეს, როცა ისინი თბილისში გამგზავრებას გეგმავდნენ.

საბოლოოდ, ადვოკატი დაეთანხმა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სახით პატიმრობის გამოყენებას და ეს იმით ახსნა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება: „კონფლიქტი ნამდვილად არსებობს, სიტუაცია არ არის ჩაწყნარებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და მათი გვარის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შერიგება ჯერ კიდევ არ მომხდარა. მათი ტრადიციების გათვალისწინებით არის საფრთხე, რომ კონფლიქტი კვლავ მოხდეს. ამ ეტაპზე, ბრალდებულების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას პატიმრობა“.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჩვენ ვკითხეთ ადვოკატს, მის მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებაში, რომ ბრალდებულებმა მხოლოდ მას შემდეგ გაისროლეს, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა და სამი ადამიანი უკვე დაჭრილი იყო, ხომ არ გულისხმობდა იმას, რომ ბრალდებულები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ? ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც დაადასტურებს, რომ სროლა მუთოშვილების მხრიდან დაიწყო.

წინასასამართლო სხდომა თელავის სასამართლოში 22 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]