weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ახალგორელ პენსიონერებს „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლა 2 თვეში ერთხელ შეეძლებათ

17:03 პარასკევი, 13 დეკემბერი 2019

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს ე.წ. „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით ცხინვალის რეგიონის დატოვება და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა 2 თვეში ერთხელ შეეძლებათ.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, გზა ჯერ არც პენსიონერებისთვის გახსნილა, თუმცა ერთმა პირმა, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, უკვე შეძლო თბილისის მხარეს გადასვლა.

„სიებს ადგენენ და ამის შემდეგ გაირკვევა, როდის გახსნიან. პენსიონერებს 2 თვეში ერთხელ გადასვლისა და გადმოსვლის უფლება ექნებათ, პენსიის ასაღებად ან სხვა საჭიროებისთვის. მძიმე ავადმყოფებისთვისაც გახსნიან გზას. ერთმა მძიმე ავადმყოფმა უკვე ისარგებლა“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა ესაჭიროებათ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მიეცემოდათ.

ამას წინ უძღოდა, რუსი სამხედროების მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება, რომელსაც ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ე.წ. „საზღვრის უკანანო გადაკვეთისთვის“. არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მიდიოდა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის გახსნის სანაცვლოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ახლადგახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვა. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაში მოექცა. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]