ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, გზა ჯერ არც პენსიონერებისთვის გახსნილა, თუმცა ერთმა პირმა, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, უკვე შეძლო თბილისის მხარეს გადასვლა.
„სიებს ადგენენ და ამის შემდეგ გაირკვევა, როდის გახსნიან. პენსიონერებს 2 თვეში ერთხელ გადასვლისა და გადმოსვლის უფლება ექნებათ, პენსიის ასაღებად ან სხვა საჭიროებისთვის. მძიმე ავადმყოფებისთვისაც გახსნიან გზას. ერთმა მძიმე ავადმყოფმა უკვე ისარგებლა“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა ესაჭიროებათ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მიეცემოდათ.
ამას წინ უძღოდა, რუსი სამხედროების მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება, რომელსაც ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ე.წ. „საზღვრის უკანანო გადაკვეთისთვის“. არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მიდიოდა.
2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის გახსნის სანაცვლოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ახლადგახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვა. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაში მოექცა. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.