weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ცოტნე გამსახურდიას ათამდე ჭრილობა აქვს, მდგომარეობა მძიმეა და საშიში

00:01 პარასკევი, 20 დეკემბერი 2019
პირველი არხის ფოტო პირველი არხის ფოტო

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს ცოტნე გამსახურდიას, რომელიც 19 დეკემბერს, საღამოს, თბილისში, საკუთარ სახლთან ახლოს დაჭრეს, ათამდე ჭრილობა აქვს გულმკერდის, თავისა და ზურგის არეში. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგის გიორგი გვახარიას განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საშიში.

„აღენიშნება პოლიტრავმა ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღენიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ- მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და ე.წ. ჰემოპნევმოთორაქსი, ანუ პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. გარდა ამისა, მარცხენა ბეჭის მიდამოში აღენიშნება ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა ბეჭის ე.წ. აკრომიონის დაზიანებით და თავის მიდამოში, თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობა ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები.

მე და ჩემმა კოლეგებმა ჩავატარეთ თორაკოტომია ანუ გავხსენით გულმკერდის ღრუ, ჩავატარეთ შესაბამისი ოპერაცია. სისხლდენა გაჩერებულია. ახლა პაციენტი ჩამოყვანილია რადიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდება  თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია. ნახავენ დაზიანების ხარისხს და ნეიროქირურგი გადაწყვეტს მისი მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას, საჭირო იქნება დამატებით კიდევ ნეიროქირურგიული ოპერაციის გაკეთება თუ არა.

მდგომარეობა სერიოზულია, მძიმეა. პოლიტრავმა ეს არის ცხოვრებისთვის საშიში დაზიანება. როგორ განვითარდება შემდგომი ტაქტიკა პოსტოპერაციული და საჭირო გახდება თუ არა დამატებით სხვა ოპერაციების ჩატარება - ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური, ამას გვაჩვენებს კვლევები,რომელზეც ჩამოყვანილია ახლა პაციენტი“, - აღნიშნა ექიმმა.

დაჭრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ცოტნე გამსახურდიას ფეისბუქში პოსტი აქვს გამოქვეყნებული, სადაც ის პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სოზარ სუბარს უცენზურო სიტყვებით აგინებს არასრულწლოვნების თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო. სუბარი ამბობს, „მოსწავლეები კლავენ და თავს იკლავენ ფინეთში, აშშ-ში, სისტემა ყოველთვის ვერ იმუშავებს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ცოტნე გამსახურდიას მეორე გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, რადგან კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად თავზე 4 დაზიანება აღმოჩნდა: „ქალა სარქველის ძვლების მოტეხილობა მრავლობითი ინტრაკრანიალური​ ჰემატომებით. საჭირო იქნება ორმხრივი ტრეპანაცია. ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს ცნობილი ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი“.

ცოტნე გამსახურდიას მეორე ოპერაცია 7 საათი გაგრძელდა: „პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალასი. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. დაზიანებული იყო ქალა-ტვინის ძვლები, შუბლის წილში და თხემის წილში. 7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია, დადრენირებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია ასე ვთქვათ, ოპერაციის ბოლოს, ჰემატომის მოშორების შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი და პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, რაზეც დარჩება რამოდენიმე დღე.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე და რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთება პროგნოზი როგორი იქნება“, - განაცხადა ნეიროქირურგმა არჩილ ჯვარშეიშვილმა ოპერაციის დასრულების შემდეგ. ექიმი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ცოტნე გამსახურდიას ქირურგიული ჩარევა კიდევ დასჭირდეს.

ამ თემაზე:

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა

 

პოლიციამ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 5 პირი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]