ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის, რომელიც ჭაში ჩავარდა, მოტეხილობები ჰქონდა და მკურნალობას ვერ ახერხებდა.
2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.
15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო რეჟიმმა ის საზღვრის განზრახ დარღვევაში დაადანაშაულა. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ბრალდებას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მას არავითარი საზღვარი არ დაურღვევია და რომ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთანაა.
20 დეკემბერს დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ თემაზე:
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა