weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აბორტები, სოდომიის ნორმალურად გამოცხადება - ეს ხომ არ არის მიზეზი პანდემიისა - მეუფე შიო

15:16 კვირა, 29 მარტი 2020

„ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. ხომ არ არის დრო, დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.

„უმძიმესი პერიოდია მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენასაც, ისევე როგორც ბევრ მოვლენას აქვს რამდენიმე ასპექტი, რამდენიმე მხარე. როგორც მედალს ორი მხარე აქვს, აქაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მოვლენასაც აქვს პირობითად რომ ვთქვათ ორი მხარე. ერთი არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაწუხებს ძალიან და უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ ის რჩევები, რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა. მაგრამ გახსოვთ, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ რა გვითხრა წინა კვირას ქადაგებაში - ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა და ჩვენთვის კეთდება, ეს ადვილი შესასრულებელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი ჩვენ თუ დავრჩებით ხორციელი, მატერიალური შეფასების შრეში, მაშინ ეს ჩვენ არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ მთავარია ღმერთი არ დავკარგოთ, ღმერთს არ დავშორდეთ. ამ მოვლენას აქვს მეორე შრე, უფრო მაღალი, ეს არის სულიერი. თუ რისთვის დაეშვა კაცობრიობაზე ეს დიდი განსაცდელი. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ და რამდენი გვითქვამს, რომ ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი, დავარქვათ ამას მწარე წამალი. რაც იმისთვის ხდება, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გამოსწორდეს, თუ რაიმე აქვს ცოდვა მის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში.

ჩვენ ვხედავთ დღეს, არამხოლოდ მართლმადიდებლები, არამართლმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა, გამოდიან და სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა, ხომ არ შევცოდეთ ჩვენ?! საჯაროდ ინანიებენ, საჯაროდ ასახელებენ ამ ცოდვებს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე.

ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა.

იცით, რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს? - ორი შრე აქვს ამ მოვლენის ახსნას - ერთი მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე არის სულიერი. ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ სულიერზე არ ნიშნავს, რომ გამორიცხო მატერიალური მიდგომა და არ გაითვალისწინო ის რჩევები, რასაც ექიმები ამბობენ. ორივე უნდა იყოს, რომ ჩვენ ავმაღლდეთ და მივიღოთ წყალობა და მადლი. მხოლოდ ეს გააჩერებს განგვკურნავს ჩვენ და ამას შეუძლია შეაჩეროს ასეთი დიდი გამოვლინება ამ დაავადებისა - ჩვენი სინანული, უფალთან მობრუნება და მისადმი ლოცვა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 23 მარტიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მას შემდეგ, რაც მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ორივე მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტებია მოწყობილი, შერსასვლელ-გამოსასვლელებს სამხედროები და პოლიციელები აკონტროლებენ. დღეიდან, 29 მარტიდან ღონისძიებები გამკაცრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში - გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალებისა და ეპიდემიოლოგების ერთობლივი ჯგუფები. რეგიონში - ქალაქებსა და სოფლებში გადაუდებელი შემთხვევების გარდა გადაადგილება აიკრძალა.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 18. კარანტინის რეჟიმშია - 4534 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]