„ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები, ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების აღჭურვა ხმის შესაბამისი ტექნიკით, იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი, მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის.
ეს გადაწყვეტილებები ჩვენ დავიწყეთ იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ახალ ეტაპს - შიდა გავრცელებას. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სიტუაცია აქამდე არ მივიდეს და სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ. თუმცა, ამის გარანტია არათუ საქართველოში, არამედ გლობალურად არ არსებობს.
იმედია, რომ ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ, მოგვცემს საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით, ასე თუ ისე მოვაგვაროთ“, - აღნიშნა გახარიამ.
21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.
- დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე.
- მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
- იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.
- აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
- იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათი დახმარების ვალდებულება აქვთ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
- საგანგებო მდგომარეობის ვადით გამოცხადდა ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.
31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4995 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.