როგორც „რეგინფოს“ თელავი-თბილისის ტაქსის მძღოლებმა უთხრეს, საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე 4 მგზავრის აყვანა შეეძლოთ და თითოეულ მათგანს 15 ლარის გადახდა უწევდა. „კარანტინის ამოქმედების შემდეგ, მძღოლის გარდა მხოლოდ 2 მგზავრის აყვანის უფლება გვაქვს, უკანა სავარძელზე. ფასი იგივე დავტოვეთ, მანქანა 60 ლარი ღირს ერთი გზა, მაგრამ ორ მგზავრს მეტის გადახდა უწევს. ზოგჯერ 50 ლარადაც მივდივართ და 25-25 ლარს იხდიან“, - აღნიშნეს ტაქსის მძღოლებმა.
საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.
სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე ქალაქებს შორის.
დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე.
1-ლი აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 22; კარანტინის რეჟიმშია - 5783 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301 პირი.