მკვლელობა 20 აპრილს, სოფელ მულახში მოხდა.
„რეგინფოს“ ინფორმაციით, ბესიკ იოსელიანი სასაზღვრო პუნქტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შელაპარაკება მოუვიდა თანამშრომელთან ბ. ნ-თან. ორივე მათგანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ.
შელაპარაკების შემდეგ ისინი გარეთ გავიდნენ, რა დროსაც მკვლელობა მოხდა. მკვლელობის შემდეგ ბ. ნ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ტყეში გაიქცა და ამ დრომდე ვერ დაუკავებიათ.
რატომ იყო მესაზღვრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნასვამ მდგომარეობაში და დაეკისრებათ თუ არა სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს დისციპლინური პასუხისგებლობა, „რეგინფომ“ ამ კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. შსს-ში განმარტეს, რომ მკვლელობის ფაქტს პროკურატურა იძიებს.
ბესიკ იოსელიანი მულახის თემის სოფელ ლახირში ცხოვრობდა. ამავე თემის მკვიდრია მკვლელობაში ეჭვმიტანილიც. მოკლული და დანაშაულის ჩამდენი პირი მეგობრები და ნათესავები იყვნენ.
საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა იძიებს.
მესტიაში მესაზღვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახს პოლიცია იცავს
„რეგინფოს“ ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როცა სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოებზე ზოგიერთი მესაზღვრე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება. უფრო მეტიც, „რეგინფოს“ აქვს ინფორმაცია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნასვამ მდგომარეობაში არიან ხოლმე სასაზღვრო სამმართველოების ხელმძღვანელი პირებიც, რა დროსაც რამდენიმე ინციდენტიც მოხდა.