თამაზ გორელიშვილი 1958 წელს ქედელში დაიბადა და გაიზარდა. ცოლ-შვილთან ერთად სიღნაღში ცხოვრობს, თუმცა ქედელის დასახლება არასდროს მიუტოვებია. 2012 წლამდე, ქედელში, მამაპაპისეულ სახლში დედამისი ცხოვრობდა.
„პაპას ადრე აქ ვენახი ჰქონდა, მაგრამ ყურძენს მომწიფება უჭირდა, მაღალი ადგილია მაინც. მერე პაპამ კაკალი დარგო, ვაშლი, მსხალი. მამამაც მიამატა. ექვსნი ვიყავით ოჯახში. არც პაპა მუშაობდა სადმე და არც მამა. დედა იყო მხოლოდ საავადმყოფოში დასაქმებული. იმდენ კაკალსა და ხილს ვკრეფდით... კარტოფილი, ლობიო, ხახვიც მოგვყავდა. ამით გაგვქონდა თავი“, - თამაზ გორელიშვილი იხსენებს, რომ ბოლოს ამ ნაკვეთში ბოსტნეული 2017 წელს დათესა და მოსავალიც აიღო. გასულ წელს 500 კილოგრამზე მეტი კაკალი მოაგროვა. ოთხი წელია, რაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ნაკვეთს ვეღარ ამუშავებდა, მაგრამ ბაღს მაინც უვლიდა.
წელს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება დაუგვიანდა. საგანგებო მდგომარეობის გამო, 17 აპრილიდან ავტომობილებით გადაადგილება აკრძალული იყო. 27 აპრილს შეზღუდვა მოიხსნა თუ არა, ბაღში იმავე დღეს წავიდა, მაგრამ ნაკვეთი ცარიელი დახვდა:
„15 ძირი კაკალი, განა ცოტაა... ამდენი ხეხილი, ვაშლები... მსხვილი კაკალი, სულ ხელით დათესილი და გადარგული. არ ვიცი სადღა წავიდე, თავი უნდა ჩამოვიხრჩო. ასეთი რამე, ასეთი განუკითხაობა არ მინახავს“.
2012 წელს, როცა გაიგო, რომ სოფლის კუთვნილი ნაკვეთების დაპატრონებას ბოდბის მონასტერი ცდილობდა, საბუთები მოამზადა და რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურს მიაკითხა: „მაშინდელმა უფროსმა თამაზ ბურდულაძემ მითხრა, მონასტრის მიმდებარედ, 68 ჰექტარი პრეზიდენტის 2008 წლის ბრძანებულებით (18.01.2008 N22, პრეზიდენტის მ/შ ნ. ბურჯანაძე) საპატრიარქოს აქვს გადაცემული, ჩვენ მაგ საქმეში ვერ ჩავერევით, საშაროა, მოდი, ძმურად, თავი დაგვანებეო“. რეგისტრაციისთვის დოკუმენტები მაინც წარადგინა.
უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებით, 1005 კვმ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 56.14.43.163) თამაზ გორელიშვილის სახელზე საკუთრებად 2012 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა. იმავე დროს, მის საკუთრებად გაფორმდა მეორე ნაკვეთი - 724 კვმ (საკადასტრო კოდით 56.14.43.136) მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლით.
6 წლის განმავლობაში, ორივე ნაკვეთი თამაზ გორელიშვილის საკუთრებაში იყო.
2018 წლის 23 აპრილს, საჯარო რეესტრის სააგენტოს განცხადებით მიმართა ბოდბის მონასტრის მონაზონმა ნანა მახარობლიძემ (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის სტატუსით) და ქედელის დასახლებაში 77 658 კვმ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად შეწირვის შესახებ სამი სანოტარო აქტია მითითებული, რომლებიც 2007 წლის 13 დეკემბერს, ნოტარიუს გიორგი ლომაშვილის მიერ არის დამოწმებული. რეესტრმა საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადება დააკმაყოფილა.
თამაზ გორელიშვილის მამაპაპისეული მიწის ნაკვეთი, რომელზეც ხეხილის ბაღი იყო გაშენებული, საპატრიარქოს საკუთრებაში მოექცა.
უძრავი ქონების რეესტრში 2018 წლის 30 ნოემბრით დათარიღებული, თამაზ გორელიშვილის სამი განცხადება იძებნება. ორი განცხადებიდან (N 167181141 და 167181155) ვიგებთ, რომ თამაზ გორელიშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავად მიმართა და 2012 წელს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ორივე ნაკვეთზე რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. ორივე განცხადება დაკმაყოფილებულია. სააგენტო თავის გადაწყვეტილებას ასე ასაბუთებს: „2012 წელს უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდებით 56.14.43.163 და 56.14.43.136 საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე“.
მესამე განცხადებით თამაზ გორელიშვილი საკარმიდამო ნაკვეთის დაზუსტებულ ფართზე (საცხოვრებელი სახლი და ეზო - 1918 კვმ) საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს. სააგენტომ დააფიქსირა, რომ გორელიშვილის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ნაკვეთი მართლმადიდებელი ეკლესიის ნაკვეთს ფარავდა (ზედდება იყო).
„გიჟი ვყოფილვარ ე.ი. საკუთრების გაუქმება თუ მომითხოვია. არ მახსოვს ხელი რაზე მოვაწერე, მაგრამ ეგ ნამდვილად არ მითხოვია. მონასტერი უკვე დავობდა, ეგ ნაკვეთები შენი არ არისო. მე რეესტრში მივედი გასარკვევად. იქ განცხადება დამაწერინეს, შევისწავლითო და ახალი ნახაზი მომთხოვეს“.
თამაზ გორელიშვილმა აზომვითი სამუშაოებისთვის და ნახაზის მოსამზადებლად სპეციალისტები კიდევ ერთხელ დაიქირავა. 2018 წლის 14 დეკემბერს მან სააგენტოში ახალი, დაზუსტებული სიტუაციური ნახაზი წარადგინა (1897 კვმ-ზე) და საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
2020 წლის 21 აპრილს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ რეესტრმა, საკითხის განსახილველად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა. კომისიამ გორელიშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმაზე მითითებით, რომ არ დადგინდა უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობა - თამაზ გორელიშვილს აღარც იმ მამაპაპისეულ სახლს ურეგისტრირებენ, სადაც დაიბადა, გაიზარდა, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები და პაპა-ბებია. სულ მცირე ერთი საუკუნე მაინცაა, რაც გორელიშვილები ამ სახლში ცხოვრობენ. ეს სახლი ბოდბის მონასტრიდან მაქსიმუმ 100 მეტრში დგას.
„რამდენჯერ ამაზომინეს ნაკვეთი. ფულს სულ ტყუილად ვხარჯავ. სახლიც კი ვეღარ გამიფორმებია. ხელს მიშლიან. თვითონ აღიარა დედა თეოდორამ, რომ ის დაინტერესებულია ქედელის მიწებით. რაშია საქმე, რატომაა დაინტერესებული.
რაც აქვთ, ის არ ჰყოფნით? მიწების მეტი რა აქვთ, წითელწყაროში, შირაქში, ალაზანზე. ამდენი ტყე. დათესვა უნდათ? აი, გორა, მოხნან, დათესონ რამდენიც უნდათ, ცოტა ადგილებია? რაღა ჩვენი უნდა წაიღონ. მაგრამ, ამათ უნდათ ერთი რამე - ყველა გაგვაბარგონ აქედან!“
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ქედელში მიწის ნაკვეთების უმეტესობა მოქალაქე მიხეილ დალაქიშვილმა 2007 წელს, აუქციონზე, სახელმწიფოსგან იყიდა. ჯამში 59.67 ჰექტარში დალაქიშვილმა 13660 ლარი გადაიხადა. აუქციონი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველომ ჩაატარა. აუქციონის შესახებ განცხადება გაზეთში „მესაკუთრე“ გამოქვეყნდა, რომელიც რეგიონებში შეზღუდული რაოდენობით ვრცელდებოდა და მითუფრო სოფლად საერთოდ არა.
მიხეილ დალაქიშვილი ბოდბის მონასტრის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ამას ბოდბის მონასტრის მონაზონი ნანა მახარობლიძეც ადასტურებს. მიხეილ დალაქიშვილი რამდენიმე წლის წინ მღვდლად აკურთხეს და ახლა, სიღნაღში, თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში მსახურობს.
კარლო გორელიშვილმაც რამდენიმე დღის წინ გაიგო, რომ საპატრიარქო დაეპატრონა მათი ოჯახის ორ მამაპაპისეულ ნაკვეთს. კარლოც ქედელში დაიბადა და გაიზარდა. მისი ოჯახის წევრი 2010 წელს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. მაშინ თანხა დასჭირდათ. ქედელში მდებარე პატარა სახლი და ეზო მონასტერს მიჰყიდეს, მამაპაპისეული ნაკვეთები კი დაიტოვეს. „კაკლის და ვაშლის ხეებია. კაკალს ვაგროვებდით, ხილს ვკრეფდით და ჯონჯოლს. ჩემი მშობლების დარგულია. არავის არაფერი უთქვამს აქამდე. ჩვენ ახლა სიღნაღში ვცხოვრობთ. ხუთი დღის წინ გადმოვედი ქედელში, ჭინჭარი დავკრიფე. დედაომ დამინახა და მითხრა, მანდ რომ დადიხარ, ჭინჭარი დაკრიფე, არ გიშლითო, მაგრამ ეს ყველაფერი საპატრიარქოსიაო. არადა, ჩვენი ორივე ნაკვეთი შემოღობილია. იქ ვთესავდით, მანდ მოგვყავდა ყველაფერი. ერთი ჩემი იყო, მეორე ჩემი ძმის. დედაომ, კაკალსა და სხვა ხილს ხელს ვეღარ წაავლებ, უკვე ჩვენიაო. აქამდე ჩვენი იყო და თქვენი როგორ გახდა მეთქი, ვკითხე. 2007 წელს ვიყიდეთო. აუქციონის შესახებ არაფერიც ვიცოდით. პირველად ახლა გავიგეთ“.
ნანა მახარობლიძეს ვკითხეთ, მონასტერში ხომ იცოდნენ, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებს იყენებდნენ, მრავალწლიანი ნარგავები ჰქონდათ, ბაღებს უვლიდნენ, ხილს კრეფდნენ, ბოსტნეული მოჰყავდათ. როცა აუქციონი გამოცხადდა, მონასტერმა (საპატრიარქომ) რატომ შეიძინა ადგილობრივებისგან მალულად?
„აუქციონი არის სახელმწიფოს მიერ მართული პროცესი, სადაც კონკურენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ყიდულობს ის, ვინც მეტს გადაიხდის. ამიტომ კონკურენტი, ანუ მონაწილე სულაც არ არის დაინტერესებული... არცერთი მონაწილე არ გასცემს ინფორმაციას და არ ეპატიჟება თავის კონკურენტს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.
ვიცოდით თუ არა, რომ მოსახლეობა აქედან მოსავალს იღებდა და მათი სარჩო-საბადებელი იყო? ვიცოდით, ეს ასე არ ყოფილა. აქ მონასტრული ცხოვრება აღდგა 1993 წლიდან. არ ყოფილა არცერთი წელი, რომ მათ მოსავალი მოეყვანათ. იქ არის ჯონჯოლის ხეები, ჯონჯოლს კრეფდნენ, კაკალს კრეფდნენ.
ეს ხალხი ხმარობდა სახელმწიფო მიწას, უკანონოდ და თუ შორს წავალთ, რევოლუციამდელი მონასტრის ყოფილ მიწებს ანუ ჩვენი მამაპაპის მიწებს.
2007 წლის შემდეგ, ამ 13 წლის განმავლობაში, ჩვენ არც შემოგვიღობავს. ახლა ვაკეთებთ ამ ყველაფერს სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ და არა მარტო ჩვენ, ყველას აქვს მთელს მსოფლიოში მოლოდინი, რომ ძალიან მალე დაიწყება კრიზისი პროდუქტებზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ 2007 წლიდან ჩვენს საკუთრებაში, ვგულისხმობ საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული მიწების დამუშავება“.
ქედელის დასახლებაში, ბოდბის მონასტრის გარშემო ათეულობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა საპატრიარქოს საკუთრებაშია, ბევრად მეტი ტყის ფართობი მრავალი წლით აქვთ მიჩენილი (გადაცემული). სულ რამდენიმე საცხოვრებელი სახლიღა დარჩა, რომლებსაც ბოდბის მონასტერი ვერ განკარგავს. ერთ-ერთი სახლის მესაკუთრე ექიმი გოდერძი გორდეზიანია:
„35 წელია აქ ვცხოვრობ. მონასტერთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ვიდრე იღუმენია თეოდორა მახვილაძე ჩამოვიდოდა. მან მთელი ამ დასახლების დასაკუთრება მოინდომა. კიდევაც დაიწყო ეს. აქ ოჯახები ცხოვრობდნენ: ხოხონიშვილი თამარი; გოგოლაშვილი ილია და რიმა, დედა-შვილი არიან. ილია ერთი-ორი დღით ციხეში ჩასვეს, ვითომ აქ წესრიგს არღვევდა და რომ დაბრუნდა, თავისი სახლი დანგრეული, მიწასთან გასწორებული დახვდა; აქ იყვნენ კიდევ თანდილაშვილები, ჯალიაშვილები. მთლიანად აყარეს მოსახლეობა. შენობები საერთოდ აღარ არის. ყველა დაანგრიეს. რამდენიმე კომლიღაა დარჩენილი - ზოგი სიღნაღში ცხოვრობს, ზოგიც თბილისში.
მამაპაპისეულ, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს არ ურეგისტრირებენ ადგილობრივებს. იღუმენიას ნებართვა უნდაო. იღუმენიას ნებართვა რაში სჭირდება, ხომ არსებობს კანონმდებლობა? რა, იღუმენია გამგებელია, კანონმდებელია, მმართველია თუ ვინ არის, რას წარმოადგენს?“
გოდერძი გორდეზიანს, სახლთან ახლოს, საკუთრებაში არსებულ 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ქონების სამსახურისგან ახალნაყიდი ჰქონდა, რეგისტრაცია 10 წლის წინ გაუუქმეს. „იღუმენია ამით არ დაკმაყოფილდა. რამდენიმე საჩივარი გაუგზავნეს სხვადასხვა ორგანოებს, შეისწავლეთ, გორდეზიანებს საკარმიდამო ნაკვეთი რამდენად კანონიერად აქვთო, სახლი და ეზო ვეღარ წაგვართვეს.
მაგას აბარია ეკლესია. ამათ მოვალეობაში შედის, რომ უნდა იყვნენ ეკლესიაში, სანთელი უნდა ენთოთ და დღე და ღამე ლოცულობდნენ. ესენი ბიზნესით და მაფიით არიან დაკავებულები, როგორ შეიძლება“...
გოდერძი გორდეზიანი 2008 წლიდან ცდილობდა პატარა კაფეს აშენებას თავის ეზოში, რომელიც მონასტრისკენ მიმავალი გზის პირასაა. გორდეზიანების ეზო ეკლესიიდან ნახევარი კილომეტრით მაინც არის დაშორებული:
„მინდოდა, რომ ეზოში პატარა კაფე გამეკეთებინა. ტრაქტორი როცა მოვიყვანე, გამგებელი, პოლიციის უფროსი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დამადგნენ, რა ამბავია, არა გრცხვენიაო? იქიდან დაგვირეკაო, იღუმენია თეოდორამ, ტრაქტორის ხმაზე, რომლითაც საძირკველს თხრის, წმინდანი წუხდებაო.
წარმოიდგინეთ ახლა, ჩემს ეზოში რომ რამეს ვთხრი, წმინდანი წუხდება და 25 წელიწადი დაუსრულებელი მშენებლობა რომ აქვთ, უზარმაზარი კაფე-რესტორანი რომ ააშენეს იქვე, ეკლესიიდან 15 მეტრში, წყლის რეზერვუარი რომ ააშენეს, დიდი გალავანი შემოარტყეს, ახლა მეორე მაღაზია და ორდონიანი პარკინგი შენდება, ხომ გეუბნებით, მძიმე ტექნიკა მუშაობდა 25 წლის განმავლობაში, მაშინ არ წუხდებოდა წმინდა ნინო?“
სიღნაღის გამგეობა გოდერძი გორდეზიანისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ „ბოდბეში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, სადაც წმინდა ნინოა დაკრძალული, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს. ასეთ შემთხვევაში კი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ძეგლისთვის დამცავ ზონას ადგენს, ვიზუალური დაცვის არეალი კი 500 მეტრი რადიუსით განისაზღვრება. რადგან თქვენი ნაკვეთი ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში მდებარეობს, კაფეს მშენებლობის ნებართვას ვერ მოგცემთ“.
„ასეთი აუტანელი პირობები შეგვიქმნეს მეც, ჩემს ოჯახსაც. არაფრის გასაქანს არ გვაძლევენ. თვითონ სამოთხე მოიწყეს ამქვეყნად, ჩვენ ჯოჯოხეთად გვიქციეს ცხოვრება“, - ქედელში მდებარე სახლის გაყიდვა გორდეზიანებმაც გადაწყვიტეს. მათ ჭიშკარზე აბრაც გააკრეს - იყიდება სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.
გოდერძი გორდეზიანის მეუღლე ანა ხუნაშვილი იხსენებს, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, მონასტრის დაცვის წარმომადგენელმა, მასთან ახლოს იარაღიდან გაისროლა: „გვაშინებენ. ეზოდან გარეთ გამოვედი, ძაღლისთვის საჭმელი მიმქონდა. ჩემს ფეხებთან იარაღი დაიცალა. დავუძახე ჩემს მეუღლეს, გავეკიდეთ, მივყევით და აღმოჩნდა მონასტრის დაცვა. რატომ გააკეთე მეთქი ეს, მე არ გამიკეთებიაო. მერე დედაო მირეკავს, კი, გაისროლაო, მაგრამ ეგ იარაღი არ კლავს, სასიკვდილო არ არისო.
მართალია მონასტერს ჰყავდა თავისი ყმები, მაგრამ ხომ არ შეიძლება, რომ დღევანდელ ცხოვრებაში, ამდენი საუკუნეების შემდეგ, რადგან ისინი მონასტრის ყმები იყვნენ, ისევ მონასტრის ყმებად აქციონ გარშემომყოფი მოსახლეობა?“
კახეთის საინფორმაციო ცენტრს 2010 წელს აქვს შესწავლილი ილია გოგოლაშვილის საქმე. მაშინ მან დეტალურად მოგვითხრო, როგორ დააკავეს 2007 წლის 25 მარტსა და 5 სექტემბერს მონასტრის წარმომადგენლების ჩვენებების საფუძველზე. მონაზვნები ნანა მახარობლიძე და ნანა ჭანტურია ჩიოდნენ, რომ გოგოლაშვილი მონასტრის წინ იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ორი დღის განმავლობაში ილია წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ. მას შემდეგ, რაც სასამართლომ ჯარიმის სახით 100 ლარის გადახდა დააკისრა და გაათავისუფლეს, ქედელში დაბრუნებულს კუთვნილი სახლი მთლიანად დანგრეული დახვდა. „სასამართლოზე იმასაც ვამბობდი, იმიტომ დამაკავეს, რომ თავიდან მომიშორონ და სახლი დამინგრიონ მეთქი, მაგრამ არავინ მისმენდა“.
მონაზონი ნანა მახარობლიძე განმარტავს, რომ სახლი, სადაც ილია გოგოლაშვილი დედამისთან ერთად ცხოვრობდა, მონასტერმა იყიდა, მათთვის კი საცხოვრებელი სიღნაღში შეიძინეს და გადასცეს. მონაზონი ხაზს უსვამს, რომ მონასტრის გარშემო მცხოვრებ ოჯახებს, წლების წინ, საბაზრო ღირებულებაზე მეტი თანხა გადაუხადეს: „მაგალითად, რუსუდან და თემო ჭაბაშვილებს, 31 კვმ-ში 2005 წელს გადავუხადეთ 1500 დოლარი და შედარებისთვის, ამ ფულით სამოთახიანი ბინა იყიდეს სიღნაღში. ეს ბინა იყო ყოფილი პროკურორის. ლილი და ვალიკო ქერელაშვილებს გავუცვალეთ სამოთახიანი ბინა 2014 წელს. ეს სამოთახიანი ბინა არის სიღნაღის ყოფილი მერის, კოტე ხმალაძის სახლის მოპირდაპირე მხარეს.
აქ იყო ბარაკები. ახლა რომ უყურებთ როგორი ლამაზია, სწორედ ამიტომ, ის ბარაკები არ ყოფილიყო, ამიტომ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს თანხა გამოგვეძებნა და შეგვესყიდა.
მონასტერი ძალიან დიდი ორგანიზმია, აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც სჭირდებათ ჭამა, სმა და არსებობა. ამ ადგილს სჭირდება შესაბამისი და შესაფერისი მოვლა-პატრონობა. პირველი ჩვენი მორჩილება მონასტრის არის ეს, რომ მოვუაროთ ამ ადგილს, რომ მერე ყველა ქართველი მხარგაშლილი მოვიდეს ტურისტთან ერთად და მათ აღმოხდეთ, რომ აი, როგორი კულტურა გაქვთ თქვენ, ქართველებს“.
ნანა მახარობლიძე ცილისწამებას უწოდებს ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებებს, რომ მამაპაპისეული მიწების რეგისტრაციას იღუმენიას თანხმობის გარეშე ვერ ახერხებენ:
„როგორ წარმოგიდგენიათ ეს ზეგავლენა. დავურეკო? შევაშინო სახელმწიფო ორგანო? ყველა კეთილ საქმეს, მონასტერში იქნება, ერში იქნება თუ სადაც არ უნდა იყოს, აქვს ძალიან დიდი წინააღმდეგობა, მაგრამ ამის გამო, საჭირო საქმის კეთება არ უნდა გაჩერდეს“.
გამოხმაურება ამ თემაზე:
ვიღაცას კაკლის ხე თუ მოუჭრეს, ახალი კაკლის ხე აჩუქონ - მეუფე ნიკოლოზი