„მეოთხე დღეა ვერც მკვდარს ვპოულობთ და ვერც ცოცხალს. ტექნიკა არ აქვთ და მარტო ნიჩბებით ჩიჩქნიან. იმხელა თოვლს მხოლოდ ნიჩბებით ვერ გადაყრი“, - აღნიშნავს დაკარგულის და, ქეთინო ოთიურიძე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის რატი მუჯირის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე 5 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
„რთული მეტეოროლოგიური პირობებია, ზვავის განმეორებით ჩამოწოლის საშიშროება არსებობს. ჰოდროლოგების რეკომენდაციით ვმუშაობთ. გუშინ გაწვიმდა, წყალმოვარდნის საფრთხე იყო და მაშველებმა ძალიან ცოტა ხანს იმუშავეს. ერთი ტრაქტორი ადგილზეა, დღეს მეორე ტრაქტორიც დაემატება“, - უთხრა „რეგინფოს“ რატი მუჯირმა.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-ე კილომეტრზე ზვავი 5 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე ჩამოწვა და „თუშეთის ავტოგზის“ ორი თანამშრომელი მოიყოლა. ერთ-ერთის, ზაქრო ცისკარიშვილის ამოყვანა მალევე მოახერხეს. ის თავის ტრავმითა და მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი. გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე და დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ივნისამდე დაკეტილია. გზის გაწმენდას აპრილში იწყებენ და მაისის ბოლოს ამთავრებენ.