weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შატილის გზა ღიაა, თუშეთის გზის გახსნას 15 ივნისისთვის ვარაუდობენ

11:50 პარასკევი, 15 მაისი 2020

პირიქითა ხევსურეთთან (შატილის თემთან) დამაკავშირებელი სამანქანო გზა უკვე გახსნილია. გზაზე რამდენიმე ადგილას, გუდანთან და გუდანის შემდეგ, ბისოსთან, ხახმატთან, უღელტეხილს ქვემოთ, გუროს ხევთან მეწყრული პროცესებია განვითარებული და წვიმიან ამინდში გადაადგილება რეკომენდებული არ არის.

ბარისახო-შატილის გზაზე ბოლო წლების განმავლობაში ამდენი მეწყერი არასდროს ყოფილა. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მეწყრული პროცესები გზაზე მიმდინარე მასშტაბურმა სამუშაოებმა გამოიწვია.

გზის რეაბილიტაციისა და გაფართოვების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩინთი-შატილის მონაკვეთზე სამუშაოები უკვე სამი წელია მიმდინარეობს. რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი და სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ჯამში 61 მილიონი ლარით.

რაც შეეხება თუშეთის გზას, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ, გაწმენდითი სამუშაოები შეწყვეტილია. 5 მაისს, ე.წ. ცოდვიანთ ხევთან ზვავი ჩამოწვა და შპს „თუშეთის ავტოგზის“ 2 თანამშრომელი მოიყოლა. ერთი გადარჩა, რადგან მისი ამოყვანა მაშინვე მოახერხეს, მეორე კი ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა უთხრა, კომპანია „ენერჯი გრუპი“, რომელსაც თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა ევალება, სპეციალისტების დასკვნას ელოდება, რომ სამუშაოები გააგრძელოს. „5 მაისის შემდეგ იმავე ადგილას ზვავი კიდევ ჩამოვიდა. წვიმები იყო და თოვლი კვლავ მოწყდა. გეოლოგებისა და ჰიდროლოგების დასკვნას ელოდებიან, რომ გაწმენდა გააგრძელონ. როგორც მათგან ვიცი, თუ მომავალ კვირაში ნებართვა მიიღეს, ომალომდე გზის გაწმენდას ივნისის შუა რიცხვებამდე დაასრულებენ. წელს, სოფელ ხისოსთან, იქ, სადაც მეწყრული ადგილია, წყალი დაგუბებული არ არის და რაიმე გართულებას არ ელოდებიან“, - აღნიშნა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის 15 ივნისიდან გაიხსნება, ხოლო 1-ლი ივლისიდან მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]