weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სუსი არ ადასტურებს, რომ ბათუმში დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ბინალი ჯამგოზია

13:55 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს, რომ ბათუმში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი, თურქეთში ცნობილი დაჯგუფების ლიდერი, ბინალი ჯამგოზია.

„ბრალდებულთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნითა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავცემთ მათ პირად ინფორმაციას. გაუთქმელობის შესახებ განცხადებასაც თურქეთის მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიზნით მოეწერა ხელი“- განუცხადეს „რეგინფოს“ სუსის-პრესსამსახურში.

უწყებაში ასევე არ საუბრობენ, მოხდება თუ არა დაკავებულების თურქეთში ექსტრადირება.

თურქული მედია, ორი დღეა წერს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, 2 ივნისს, ბათუმში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ 9 მოქალაქეს შორის იყოს თურქეთში ძებნილი ბინალი ჯამგოზი.

თურქული გამოცემების ინფორმაციით, ჯამგოზი და მისი ჯგუფის წევრები საქართველოში ჯერ კიდევ აგვისტოში გადავიდნენ. მათი გაქცევის მიზეზი, სავარაუდოდ, დაჯგუფება „ჯაჭვის“ წინააღმდეგ ქალაქ იზმირის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებაა, რომლის მასალებიც უკვე გადაეცა სასამართლოს. ბრალდება ამბობს, რომ იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც ბრალად ედებათ ჯამგოზისა და მის 37 თანამზრახველს, მათ 280 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ეკუთვნით. თურქული მედია დაახლოებით 13 საქმეზე წერს, რომელშიც ჯამგოზის დაჯგუფება „ჯაჭვი“ ფიგურირებს, მათ შორისაა თავდასხმა ქალაქის ვიცე-მერზე. დაჯგუფების წევრთა ნაწილი ადგილობრივმა პოლიციამ ამ დღეებში თურქეთში დააკავა. მათ საქმეს სასამართლო 10 აგვისტოს განიხილავს.

თურქოლოგის, რონდელის ცენტრის მკვლევარის, ზურაბ ბატიაშვილის ინფორმაციით,ბინალი ჯამგოზი 2008 წელს, ერთ-ერთი თავდასხმის დროს დაშავდა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

„დიდი ალბათობით, ქართველ სამართალდამცავებს ინფორმაცია თურქმა კოლეგებმა მიაწოდეს. ახლა მთავარი გასარკვევი საკითხია, თუ როგორ შეძლო 9 შეიარაღებულმა პირმა (მათ შორის წელსქვევით მოწყვეტილმა ადამიანმა) საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის შეუმჩნევლად გადმოკვეთა (თან იმავე ადგილას, საიდანაც ჩატაევი და მისი რაზმი შემოვიდა თავის დროზე) და ასევე შეუმჩნევლად ცხოვრება შუა ბათუმში მთელი 6 თვის განმავლობაში“ - წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ზურა ბატიაშვილი.

რა ადგილას გადმოკვეთეს საზღვარი თურქეთის მოქალაქეებმა ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურში „რეგინფოს“ უპასუხეს, რომ ეს ინფორმაცია ზუსტდება.

ბინალი ჯამგოზის სახელი უცნობია ადვოკატ დავით მოდებაძისთვის, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულს იცავს. „რეგინფოსთან“ საუბარში ადვოკატი ამბობს, რომ ამ 9 პიროვნებას, ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონია.

„იქიდან გამომდინარე, რომ ისინი საქართველოში 2018 წლიდან 2020 წლამდე მონაკვეთში არიან შემოსულები,ზოგიერთი მათგანი იცნობდა ერთმანეთს, ზოგიერთი კი არა. ერთ-ერთმა მათგანმა ჩამოსვლისთანავე მოითხოვა თავშესაფარი, უკვე შეხვედრაც იყო დანიშნული უბრალოდ კორონავირუსის გამო გადაიდო და ეს იარაღის ამბავი რომ არ ყოფილიყო საერთოდ ვერ გაიგებდნენ მათ ყოფნაზე“, - უთხრა „რეგინფოს“ დავით მოდებაძემ.

თავდაპირველი ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისა და იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების და დამზადების მუხლებით წარედგინათ, თუმცა როგორც „რეგინფოსთან“ ადვოკატი ამბობს, იარაღის მუხლთან დაკავშირებით ჯერ მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება ექსპერტიზა, - „საქმეში სამი იარაღია და 9 პირი ამიტომ, ტარდება ექსპერტიზა და ვისი დნმ-იც იარაღზე აღმოჩნდება ბრალი ამ მუხლითაც სწორედ მას წარედგინება.“

რაც შეეხება გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ის დავით მოდებაძისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, - „მეც გამიკვირდა რატომ მოგვაწერინეს ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე, ალბათ რაც ეხლა თქვენგან მესმის მაგიტომ, მაგრამ მე არანაირი პრობლემა არ მქონია მასზე ხელის მოწერაზე“

ინფორმაცია ბათუმში თურქეთის 9 მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 ივნისს გაავრცელა. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები ქვეყანაში არალეგალურად, სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით შემოვიდნენ, დაკავებულების სახლების ჩხრეკისას კი სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]