,,ჩემი სუს-ში დაბარება, ბოლო პერიოდში, ჩემს სამოქალაქო და რელიგიურ საქმიანობას შესაძლოა უკავშირდებოდეს. ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებული მოვლენების დროს ჩვენ ხალხის გვერდით ვიდექით და ვამბობთ, რომ ჩვენ არეულობის მომხრეები არ ვართ და სიმშვიდე გვჭირდება. გვჭირდება ერთიანობა და ეს მიწა ყველას ეკუთვნის“ - ამბობს სეიდ მირთაგი ასადოვი რადიო „მარნეულთან“ საუბარში.
სუს-იმა მოწმის სტატუსით უკვე გამოკითხა მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა. მისი თქმით, გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.
ბაირამოვა ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაგვიანებით დაიწყო, რადგან მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის საკითხზე ვითარება სუსის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე დაიძაბა.
სუს-ის მიერ 30 მაისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ. გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის 24 მაისის განცხადება, რომლითაც ის მარნეულის მერს ქალაქის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას სთხოვდა და ულტიმატუმს უყენებდა.