weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პედოფილიის შესაძლო მსხვერპლის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

23:47 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი 6 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს შიმშილობა დაიწყეს. ისინი გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენს აპროტესტებენ, რომლითაც ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 58 წლის მამაკაცი გამართლდა. ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას და მამაკაცის დაპატიმრებას ითხოვს.

„თუკი დამნაშავე არ იყო, რატომ გააჩერეს ცხრა თვე ციხეში და რა საფუძვლით, რა მიზეზით გაათავისუფლეს? ვაცხადებთ შიმშილობას და არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე პრეზიდენტი ან ადმინისტრაციიდან ვინმე არ შეგვხვდება“, - აღნიშნა ბავშვის მშობელმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 58 წლის მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) ჩადენაში ედებოდა, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. საქმის მასალების მიხედვით,

2019 წლის ზაფხულში, 58 წლის კაცმა, იმავე ეზოში მცხოვრები 6 წლის გოგო, რომელიც თანატოლთან ერთად თამაშობდა, საძინებელში შეიყვანა, საწოლზე დააწვინა, ტანსაცმელი გახადა, თვითონაც გაიხადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

ამ მომენტში ოთახში შევიდა მეორე ბავშვი, რომელიც გოგოსთან ერთად თამაშობდა და მას ეძებდა. კაცი ბავშვებს დაემუქრა, რომ არსად არაფერი ეთქვათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ ყოფილა ამ გოგოს მიმართ კაცის მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა. ბავშვმა დედას მომხდარის შესახებ მოუყვა.

2019 წლის 5 ივლისს კაცი დააკავეს. 8 ივლისს ლაგოდეხის მაგისტრმა მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა და საქმე განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. დაკავებული ბრალს არ აღიარებდა. მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა საქმის განხილვა გააჭიანურა და ბრალდებული წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გირაოთი გაათავისუფლა, 13 მაისს კი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

დაზარალებულის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბრალდებული საქმის მოგვარებას ცდილობდა და სასამართლო პროცესების გაჭიანურებაც ამას ემსახურებოდა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სავარაუდო მოძალადე იმავე ეზოში ცხოვრობს, სადაც დაზარალებული ბავშვი. გოგონას ოჯახის წევრების თქმით, მოძალადე გამომწვევად იქცევა და დანაშაულის პროვოცირებას ცდილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]